
დღეს, 19:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ახალი სახელით აიღებს სტარტს. ჩემპიონატის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე სფფ-ს პრეზიდენტმა დააანონსა, რომ ამიერიდან ეროვნული ლიგა და ლიგა 2-ის გათამაშებას „კრისტალბეთის ეროვნული ლიგა" ერქმევა. ფეხბურთის ფედერაციის ახალ პარტნიორთან კომპანია „კრისტალბეთთან" თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ოფიციალურად ხელი სასტუმრო ბილტმორში მოეწერა. ეროვნული ჩემპიონატის განვითარებისთვის დაწყებული ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ, „კრისტალბეთმა" 2 მილიონი ლარი გაიღო.
„მართლაც, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ასეთი დიდი ოდენობით დაფინანსება შემოდის ფეხბურთში. კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ფეხბურთში კერძო სექტორის როლი. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ნდობას, რომელსაც ამ ორმილიონიანი კონტრაქტით „კრისტალბეთმა" ჩვენ გამოგვიცხადა. ძალიან მნიშნელოვანია ხელშეკრულება, რომელიც დღეს გაფორმდა ჩვენთვის, ფედერაციისთვის და ფეხბურთისთვის. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ეს, ეხება ეროვნულ ლიგას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ის გზა, რაც დავიწყეთ და ვცდილობთ ეტაპობრივად განვავითაროდ, სწორია. ფაქტია, რომ ნდობა არის, ნდობა არის ფეხბურთს მიმართ. ეს კი, ხელს შეუწყობს ეროვნული ლიგის პოპულარიზაციას, მის გაძლიერებას", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა" დღეს, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2" კი, სტარტს 2 მარტს აიღებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანიას შორის კონტრაქტზე დღეს მოაწერეს ხელი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია „კრისტალბეთი", საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში დღემდე განხორციელებული პროექტებიდან, ყველაზე ძლიერი ფინანსური მხარდამჭერია.
„თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 მილიონ ლარს მიიღებს. ეს ინვესტიცია მოხმარდება ქართულ ფეხბურთს, ქვეყანაში მოედნებისა და სტადიონების მშენებლობას. ზოგადად, სპორტული ინფრასტრქუტურის განვითარებას. ნორჩი თაობების მოზიდვას და მეტი ხალხის ჩართულობას სპორტის ყველაზე საყვარელ სახეობაში. ჩვენი მიზანია, რომ ქართული ფეხბურთი დაუბრუნდეს ძველ დიდებას. ყველას გვახსოვს 80-იან წლებში თბილისის „დინამოს" წარმატება და გვაქვს სურვილი, რომ ერთად ავაღორძინოსთ საყვარელი სპორტის სახეობა", - ამბობს კობა გიგლემიანი „კრისტალბეთის' აღმასრულებელი დირექტორი.
ეროვნული ლიგის მთავარი პარტნიორის კრისტალბეთის მხარდაჭერით, ახალი საფეხბურთო სეზონიდან ფეხბურთის გულშემატკივარს სხვადასხვა სიახლე ელოდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" პოპულარიზაციისთვის, დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროექტი. მატჩების ტრანსლაცია „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" ინტერნეტ პლატფორმაზე კვლავ გაგრძელდება. პარალელურად კი, მატჩების ნახვის შესაძლებლობა გულშემატკივარს საკაბელო ტელევიზიის „O2"-ს საშუალებით ექნება, რომელიც წელს პირველად იწყებს თანამშრომლობას სფფ-სთან. ტურის ცენტრალური მატჩი კი, ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 19:00 თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სტარტს აიღებს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" 2019 წლის გათამაშება. შეხვედრაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო" და ძლიერთა ლიგაში 1-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებული ბათუმის „დინამო" დაუპირისპირდებიან.





ჩვენ








