აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ამისთვის დადებითი აურა გვჭირდება
აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ამისთვის დადებითი აურა გვჭირდება
05.09.2017
ავტორი:

უკრაინასთან მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარზე, ზაზა ფაჩულიამ, გუშინ დამატებითი განმარტება გააკეთა - იმ ხალხისთვის, ვისთვისაც გაუგებარი იყო.

„არავითარ შემთხვევაში არ მიგულისხმია და არ დავუშვებ, რომ ჩემს გუნდში, ჩემს ძმებს, ვაკადრო ასეთი რაღაც.  მჯერა ამ ბიჭების, მჯერა ამ ბიჭების ცოდნის, პროფესიონალიზმის, ადამიანობისა და ვაჟკაცობის. ჩვენ, ერთად მოვდივართ წლებია და ერთი საქმისა და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ვიცი, რომ ეს გვაქვს, ვიცი, რომ ეს შეგვიძლია. ზუსტად, ამ შესაძლებლობის გამო ვთქვი, ეს რაც - ვთქვი. ჩვენი ცოდნა, უფრო უნდა გამოვიყენოთ და უფრო უნდა ვენდოთ. ვისთვისაც იყო გაუგებარი, აღარ იქნება და საერთდ, არ იქნება ამ კითხვაზე საუბარი.  ჩვენ, ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ გვჭრდება აუცილებლად შემდეგი მოგება და უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტივი, მაქსიმალურად დადებითი აურა, მხარდაჭერა ამ გუნდის, რადგან, ეს შრომა რაც წლების განმავლობაში ჩავდეთ და რასაც ვაკეთებ, დავამთავროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ამისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ მოთამაშეები. ეს არის სპორტი, არ არსებობს გუნდი, რომელიც ყოველთვის, ყველგან იგებდეს. სიურპრიზებიც ხდება, წაგებებიც, მაგრამ ჩვენი გუნდით ყოველთვის ვამაყობ, ყოველთვის ვიბრძვით, გამოვდივართ მოსაგებად და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს ვდებთ მოედანზე", -ამბობს ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, ზაზამ, უკრაინასთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ: "მხოლოდ ერთი მიმართულებით ვთამაშობთ - "ჯიგრით". სამწუხაროდ, ასეთ დონეზე მარტო ჯიგრით თამაში საკმარისი არაა. აქ უნდა გამოიჩინო ინტელექტი, აქ უნდა გამოიჩინო ცოდნა, აქ უნდა მიაქციო ყურადღება პატარა დეტალებს, რომელიც საბოლოო ჯამში დაგეხმარება თამაშის მოსაგებად. ეს არის და ეს. ჩვენ, ბოლო ორი თამაშია, პატარა დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევთ და მხოლოდ ჯიგრით ვთამაშობთ. ასე, ძალიან რთულია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. თუნდაც, უკრაინასთან, რომელიც შეიძლება არაა ელიტარული გუნდი, მაგრამ ევრობასკეტზე მოხვდა და ე.ი კარგი გუნდია. ასე დაისჯები ყოველთვის, როცა კალათბურთს პატივს არ სცემ და არ ითამაშებ ისე, როგორც საჭიროა" (იხილეთ).

დღეს, კი საქართველოს ნაკრები ისრაელთან გამართავს შეხვედრას და მატში თბილისის დროით 22:30 დაიწყება.