
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, 4 მარტს 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ასპარეზობაში პირველები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ. ჩვენი ნაკრებიდან, ასპარეზობის პირველივე დღეს, ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გავიდნენ.
საქართველოს ნაკრები რომ ტურნირის აშკარა ფავორიტია, ეს შეჯიბრების პირველივე დღეს კარგად გამოჩნდა. ზემოთ ნახსენები ხუთი სპორტსმენიდან, ოთხი ფინალში გავიდა და ერთი - ბექა მამუკაშვილი ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
23-წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა - ნუგზარ წურწუმიამ, წინასწარი ეტაპის შეხვედრები ერთი ამოსუნთქვით გაიარა. ნახევარფინალში, წურწუმიამ პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით - 11:2 დაამარცხა რუსი ვიქტორ ვედერნიკოვი და ტიტულის დასაცავად, ფინალში რუმინელ ფლორინ ტიტას შეხვდება.
ლევან ქავჟარაძე ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბას შეხვდა და 7:2 დაამარცხა. ის ფინალში სომეხ სლავიკ გალსტიანს დაეჭიდება.
87 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ ხეცურიანმა ნახევარფინალში ლიეტუვას წარმომადგენელს - მარტინას ნემსევიჩუსს 4:0 სძლია. ფინალში კი, ხეცურიანი მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი - გაზი ხალილოვი იქნება.
რაც შეეხება 23-წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - ზვიად პატარიძეს, მისი შეჩერება ამჯერადაც ვერავინ შეძლო. ნახევარფინალში ზვიადმა დიდი უპირატესობით - 9:0 დაამარცხა ესტონელი არტურ ვიტიტინი და ხვალ, ფინალში, ნუგზარ წურწუმიას მსგავსად, მასაც რუმინელი მეტოქე ეყოლება.
ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ბექა მამუკაშვილი, რომელმაც ნახევარფინალში რუს ისლამ ოპიევთან დასანანი მარცხი იწვნია.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს კი, ხალიჩაზე გამოვლენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის სპორტსმენები. ჩვენი ნაკრებიდან, წინასწარ შეხვედრებს გამართავენ:
ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ)
გიორგი კურტანიძე (67 კგ)
რამაზ ზოიძე (72 კგ)
აივენგო რიკაძე (82 კგ)
გიორგი მელია (97 კგ)
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 14:30 წუთიდან დაიწყება.
მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა





ჩვენ








