სერბეთში ქართველები მოსავალს იღებენ
სერბეთში ქართველები მოსავალს იღებენ
06.03.2019
ავტორი: ეკა ელოშვილი


 

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს 23-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის. ამ ასაკში ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა - ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) ტიტულები შეინარჩუნეს. ქართველმა მძიმეწონოსანმა პატარიძემ კი, თავის კარიერაში მეექვსედ მოიპოვა ასაკობრივი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ფინალურ შეხვედრაში, ზვიად პატარიძემ რუმინელ ისტვან ბერეის სძლია. უმსუბუქეს წონაში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმიამ კი, მაყურებელს და სპეციალისტებს თავი კვლავ ეფექტური და სანახაობრივი ჭიდაობით დაამახსოვრა და საჩემპიონო ბრძოლაში, დიდი უპირატესობით რუმინელი ფლორინ ტიტა დაამარცხა.

უკიდურესად დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში, ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) სომეხ სლავიკ გალსტიანს 10:8 მოუგო და ჩემპიონობა დამსახურებულად იზეიმა.

ჩვენს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი გურამ ხეცურიანმა (87 კგ) მოუტანა. მან ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი - გაზი ხალილოვი 5:1 დაამარცხა.

ჩვენების ოქროს მონაგარს ბრინჯაოს მედალი ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) შემატა. გადამწყვეტ შეხვედრაში, ქართველმა მოჭიდავემ აზერბაიჯანელ ნასირ ჰასანოვს 3:0 აჯობა.

ასევე, წარმატებით გაიარეს წინასწარი ეტაპის შეხვედრები იმ

დარჩენილი წონითი კატეგორიის ქართველმა მოჭიდავეებმა, რომლებიც შეჯიბრებაში დღეს ჩაებნენ. ხვალ, ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ რამაზ ზოიძე (72 კგ) და გიორგი მელია (97 კგ). ზოიძის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი - მაგომედ იარბილოვი იქნება; მელია კი, ფინელ სავოლაინენს შეხვდება.  

ნახევარფინალურ შეხვედრებში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და გიორგი კურტანიძე (67 კგ).






მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა