ბერძენ-რომაელებმა ევროპის ჩემპიონატი შვიდი მედლით დაასრულეს
ბერძენ-რომაელებმა ევროპის ჩემპიონატი შვიდი მედლით დაასრულეს
06.03.2019
ავტორი: ეკა ელოშვილი

დღეს, სერბეთში დასრულდა 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის. საქართველოს ნაკრების გამოსვლას თამამად შეგვიძლია ბრწყინვალე ვუწოდოთ. 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი - ასეთია ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეების მონაგარი.

ასპარეზობის ბოლო დღეს, ჩვენს გუნდს მეხუთე ოქროს მედალი რამაზ ზოიძემ (72 კგ) მოუტანა. ახალგაზრდა ფალავანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი - მაგომედ იარბილოვი 7:1 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა გიორგი მელია (97 კგ). მან ფინალში ფინელ არვი სავოლაინენთან 1:4 წააგო.

გუნდურ ჩათვლაში, 178 ქულით საქართველოს ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო. მეორე და მესამე ადგილებზე რუსეთი და თურქეთი გავიდნენ.  

 

მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა