ერთთამაშიანი ფინალი და სამმაგი წნეხი
ერთთამაშიანი ფინალი და სამმაგი წნეხი
05.09.2017
ავტორი:

დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის, რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს ისრაელის გუნდთან. ქართველი კალათბურთელებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ დაუგეგმავი თამაშები წავაგეთ გერმანიასთან და უკრაინასთან, დარჩენილი 2 შეხვედრაში, მოგება აუცილებელია. განსაკუთრებით საჭიროა გამარჯვება დღეს, მასპინძლებთან, რადგან დასკვნით ტურში, ისრაელი უკრაინას ეთამაშება, ჩვენ კი იტალიის ნაკრებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი დღეს, ისრაელი მოგვიგებს, ჩვენ, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვეთიშებით გათამაშებას.

ნებისმიერი, არითმეტიკული გათვლის მიუხედავად, ამ შემთხვევაში B ჯგუფში, მეოთხე, გამსვლელი ადგილი ან ისრაელს, ან უკრაინას ერგება. თუმცა, უფრო დიდი ალბათობით, ისევ ისრაელი აღმოჩნდება მეოთხე საფეხურზე, რადგან ჯგუფის მასპინძელს, ევრობასკეტის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მსაჯები არ „აწყენინებენ" და ბოლო მატჩში, უკრაინას „გასწირავენ". ასეთი გათვლის შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, ჩვენ რა შედეგით დავასრულებთ ბოლო ტურს იტალიასთან, ჩვენ ჯგუფში ბოლო საფეხურზე ავღმოვჩნდებით, რადგან უკრაინასთან წაგებული გვაქვს. ასე, რომ დღეს, არის შანსი, ჯგუფში პოზიცია გავიმყაროთ და დაველოდით ბოლო ტურს, სადაც ჩვენ, მხოლოდ იტალიასთან მოგება და ისრაელის გამარჯვება უკრაინასთან გვახეირებს. თუმცა, ამისთვის დღეს უნდა აუცილებლად მოვიგოთ. ეს კი თელ-ავივა არენაზე საკმაოდ რთული იქნება, რადგან საქართველოს ნაკრებს მოუწევს ისრაელის ნაკრებთან, გადაჭედილ ტრიბუნასთან და მსაჯებთან ბრძოლა.

„ჩვენ გუნდი ვართ, ერთდ ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით. ბოლო ორი თამაში წავაგეთ, მაგრამ ახლა ჩვენი მოვალეობაა, ისევ მოვახდინოთ კონცენტრაცია, მოვემზადოთ მომდევნო თამაშში გამარჯვებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ თავს არ დავზოგავთ. იმედი გვაქვს, რომ მსაჯობაც სამართლიანი იქნება და მათთან ბრძოლა არ მოგვიწევს. ჩვენი მხრივ, ტაქტიკურად უკეთესად მოვემზადებით და გპირდებით, რომ გუნდი ძლიერ მეტოქეობას გაუწევს კონკურენტს.  წინასწარ ვერ ვიტყვით ზუსტად რას გავაკეთებთ, ეს მოწინააღმდეგე გუნდისთვის ცნობილი არ უნდა იყოს, ამიტომ ყველა ერთად ვნახავთ საქართველოს ნაკრების თამაშსს. ისრაელი ძალიან კარგი გუნდია, სწრაფად მოძრაობენ. დიდად მაღალი კალათბურთელებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ კარგები არიან გარე პერიმეტრიდან, თან ძალიან ბევრს მოძრაობენ და განსხვავებული სტილის კალათბურთს გვთავაზობენ.  მათ წინააღმდეგ, კონცენტრირებულად უნდა ვითამაშოთ. პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ დაცვაზე და შემდეგ ვიმოქმედოთ შეტევაზე. მთავარია რაც შეიძლება კარგად შევძლოთ საკუთარი კალათის დაცვა", - განაცხადა ილიას ზუროსმა ბოლო ვარჯიშის შემდეგ.

„რა თქმა უნდა, ჩამოსვლის დღიდან ჯგუფიდან გასვლაზე და თურქეთში წასვლაზე ვფიქრობთ. პირველი თამაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, შემდეგ ორი წავაგეთ - გერმანიასთან და უკრაინასთან.  დასანანი მარცხი იყო, გვქონდა შანსი, მაგრამ თავდასხმაში კარგად ვერ ვითამაშეთ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ხვალინდელ თამაშზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. გვქონდა ვიდეო-განხილვები, ვარჯიშიც. ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ კიდევ გვაქვს შანსი გავიდეთ შემდეგ ეტაპზე", - ამბობს გიორგი შერმადინი, რომელზეც დღეს ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.

„ისრაელი მასპინძელი გუნდია და ცხადია,  უპირატეს მდგომარეობაში, სწორედ ისინი იქნებიან, რადგან სახლში თამაშობენ,საკუთარი გულშემატკივრის წინ. საკმაოდ რთული თამაში იქნება, მითუმეტეს რომ წინა შეხვედრა მოიგეს, საკმაოდ ძლიერი გუნდი დაამარცხეს და დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ თამაშზეც მოსაგებად გამოვლენ. თუმცა, ჩვენთვისაც იმდენად მნიშვნელოვანია მოგება, რომ ამ შეხვედრას, ვუყურებთ, როგორც ერთთამაშიან ფინალს. რაც გაგვაჩნია ყველაფერს ჩავდებთ ამ თამაშში და იმედია, რომ გამარჯვებულები ჩვენ დავრჩებით", - ამბობს ზაზა ფაჩულია.