გუდაურში ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს
გუდაურში ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს
08.03.2019
ავტორი:

გუდაური 2012 წლის შემდეგ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მორიგ შეჯიბრს მასპინძლობს.  FIS-ის ეგიდით, სნოუბორდ-კროსის ევროპის თასის ეტაპები, საქართველოს სამთო კურორტზე 3 დღის განმავლოვაში ჩატარდება. პირველად საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში, დღეს აღნიშნული სახეობის პირველი დღის გამარჯვებულები გამოვლინდნენ -   ქალთა შორის გერმანელი  სნოუბორდისტი  ჰანა იედიოჰა (Hanna Ihedioha),  ვაჟებში კი, ავსტრიელი სპორტსმენი ჯაკობ დუსეკი (Jakob Dusek).

ასპარეზობის პირველ დღეს შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 57  სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. პირველი საშეჯიბრო დღე თითქმის 5  საათის განმავლობაში კუდების ფერდობზე, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ტრასაზე მიმდინარეობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სპორტის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილისთვის სნოუბორდ-კროსი შედარებით ახალი და უცხო სახეობაა, გეტყვით, რომ სნოუბორდ-კროსი ოლიმპიური სპორტის ერთ-ერთი დისციპლინა.  შეჯიბრის დროს ოთხი სნოუბორდისტი სტარტს ერთდროულად იღებს და მინიმალურ დროში ცდილობს ტრასის გავლას.




ხვალ, 9 მარტს  FIS-ის ევროპის თასის მეორე ეტაპები გაიმართება. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, კი ლიდერები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ქალები:

I  ადგილი   - ჰანა იედიოჰა (Hanna Ihedioha)

II  ადგილი   - ლარა კაზანოვა (Lara Casanova, SUI)

III ადგილი  - ქლოე პასერატი (Chloe Passeratt FRA)

IV ადგილი  - სოფი ჰედიგერი (Sopie Hediger SUI)

 

ვაჟები:

I  ადგილი -  ჯაკობ დუსეკი (Jakob Dusek)

II  ადგილი  - ჯერომ ლიმენი  (Jerome Lymann. SUI)

III ადგილი  -  დევიდ პიკლი (David Pickl Aut)

IV ადგილი  - მერლინ სარგეტი (Merlin Sarget FRA)




საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ-კროსის ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის,  მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის  და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის" მხარდაჭერით ტარდება.

შეგახსენებთ, რომ FIS -ის ეგიდით, გასულ წელს ბაკურიანში სკი კროსის  პირველი შეჯიბრი ჩატარდა. აღნიშნული შეჯიბრებები ერთგვარი სამზადისია 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ორ დისციპლინაში  გაიმართება ბაკურიანში.  მსოფლიო ჩემპიონატს წინ უძღვის ოთხ წლიანი შეჯიბრებების ციკლი, რომელთა წარმატებით ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებისათვის, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე ადგილის დასამკვირდებლად.