ერთი ბრინჯაო მარაკეშის გრან პრის საწყის დღეს
ერთი ბრინჯაო მარაკეშის გრან პრის საწყის დღეს
08.03.2019
ავტორი:

დღეს, მაროკოში დაიწყო მარაკეშის ძიუდოს ყოველწლიური გრან პრი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიდან, პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე გამოვიდნენ ამირან პაპინაშვილი (60 კგ), გიორგი გუგულაშვილი და ნიკო ჭიკაიძე (ორივე 66 კგ). თუმცა, საპრიზო ადგილზე გასვლა მხოლოდ გამოცდილმა პაპინაშვილმა შეძლო.

ქართველმა უმსუბუქეს წონაში მოასპარეზე ძიუდოისტმა პირველ წრეში დაისვენა. მეორეში კი, ყაზახი მაგჰან შამშადინი იპონით დაამარცხა. პაპინაშვილის მომდევნო მეტოქე ესპანელი ხუსტო ნუნიეს როდრიგესი იყო, რომელსაც ქართველმა ასევე იპონით მოუგო.

მეოთხედფინალში პაპინაშვილი უკრაინელი არტიომ ლესიუკის პირისპირ წარსდგა და სამწუხაროდ, მეტოქესთან ვაზარით დამარცხდა. ის დამამშვიდებელ წრეში გადაერთო, სადაც ჯერ მაროკოელი ისამ ბასუ დაამარცხა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი, ბრიტანელ ეშლი მაკენზის იპონით მოუგო და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

თავი ვერაფრით გამოიჩინეს 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველებმა. გიორგი გუგულაშვილი პირველივე შეხვედრაში ვაზარით დამარცხდა ყატარის წარმომადგენელ აიუბ ელიდრისთან.

ნიკო ჭიკაიძემ პირველ წრეში პოლონელი პატრიკ ვავრსჩეკი დაამარცხა. მომდევნო შეხვედრა კი, სერბ სტრაინია ბუნჩიჩთან დათმო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ხვალ, ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი და ბექა დონღვანი (81 კგ) გამოვლენ.


მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა