ლაშა შავდათუაშვილმა მარაკეშში ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა შავდათუაშვილმა მარაკეშში ვერცხლის მედალი მოიპოვა
10.03.2019
ავტორი:

მარაკეშში მიმდინარე გრან პრიზე, 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო. მისი პირველი მეტოქე ალჟირელი ფეთი ნურინი იყო, რომელიც ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვაზარით დაამარცხა. შემდეგ წრეში, ლაშამ რუმინელ ალექსანდრუ რაიკუს იპონით მოუგო. მეოთხედფინალში, ასევე იპონით დაამარცხა გამბიელი ფაიე ნჯიე. ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე ფრანგი გილომ ჩაინე იყო, რომელსაც ლაშამ ვაზარით აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც მას გამოცდილი რუსი - დენის იარცევი ელოდა, რომელმაც ორი ვაზარით დაგვიმარცხა ჩვენი ნაკრების გამოცდილი და ტიტულოვანი წევრი.

ამავე წონაში მოასპარეზე ფრიდონ გიგანს შანსი ჰქონდა ბრინჯაოს მედლისთვის ებრძოლა. თუმცა, ის დამამშვიდებელი წრის შეხვედრაში კანადელ ანტუან ბუშართან დამარცხდა. სხვათა შორის, მეოთხედფინალში გიგანმა ფინალში შავდათუაშვილის მძლეველ იარცევთან წააგო დაძაბულ ბრძოლაში.

81 კგ წონით კატეგორიაში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებში დაბრუნებულმა ნუგზარ ტატალაშვილმა მხოლოდ სამი წრის გავლა შეძლო. მეოთხედფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, ტატალაშვილი თურქეთის ნაკრების წევრთან - ვედატ ალბაირაკთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ვედატ ალბაირაკი ქართველი ვანო რევაზიშვილის თურქული სახელია, რომელიც ამ ქვეყნის სახელით გამოდის. თავად რევაზიშვილი, ტურნირის ფინალში გავიდა, თუმცა, იქ ბულგარელ ივაილო ივანოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

რაც შეეხება ბექა დონღვანს, მან პირველი წრის შეხვედრა სამი გაფრთხილებით წააგო ესპანელ ხოსე მარია იზკუიეტა მენდოლასთან.

ხვალ, მარაკეშის გრან პრის ბოლო დღეა და ტატამზე დარჩენილი სამი წონის წარმომადგენლები გამოვლენ. საქართველოს ნაკრებიდან, ტატამზე ვიხილავთ გიორგი პაპუნაშვილს (90 კგ). -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, წარმომადგენლები არ გვყავს.


 



მოამზადა ეკა ელოშვილმა