
დღეს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს ევროპის 17-წლამდეთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე დაიწყო ასპარეზობა. საქართველოს, უელსის, ჩრდ. მაკედონიისა და ლუქსემბურგის ნაკრებები ერთი კვირის მანძილზე, 25-31 ოქტომბერს, თბილისში, ჯგუფის მოსაგებად და თუ რამე, საუკეთესო მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ, რადგან B ლიგიდან A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი ნაკრებიც მოიპოვებს.
პირველ შეხვედრაში ტატა მატვეევას ნაკრებს მეტოქედ კარგად ნაცნობი, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები იყო. დღევანდელ შეხვედრამდე კი, ქართულ გუნდს, მეტოქისთვის მოგებული არ ჰქონდა. ეს გარემოება, 17-წლამდე გოგონებს, მითუმეტეს საკუთარ კედლებში უფრო მეტ მოტივაციას აძლევდა და შესაბამისად, მოედანზეც საკმაოდ ორგანიზებული გამოვიდა. თუნდაც, ამინდის მიუხედავად, რადგან რა, რა და ქართველებს წვიმაში თამაში არ გვიყვარს, მათ შორის გოგონებსაც. თუმცა, დღეს, მატვეევას გუნდი პირველი წუთებიდან შეეცადა ბურთის გაკონტროლებას და 24-ე წუთზე, ეს უპირატესობა გოლშიც ასახა. „მაკაბი ჰადერას" ქართველმა ლეგიონერმა მახა გოგოლაძემ, ნატალია გუგულაშვილთან კედელი გაითამაშა და შემდეგ, ცივად და გამოზომილად მეკარესთან ბრძოლაში, ბურთი გაიტანა. ანგარიში გაიხსნა 1-0. მეორე ტაიმში, პირველი გოლის ავტორი ტრავმის გამო შეცვალეს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ტრავმა სერიოზული არაა და მომდევნო შეხვედრაში მიხალი ფორმაში იქნება. 37-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, გუგულაშვილმა თავად გაიტანა - კარგად ისარგებლა მეტოქის საჯარიმოში არეულობით და ბურთი კარში გადაგზავნა. საქართველოს ნაკრები 2-0 დაწინაურდა. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიელები, საკმაოდ ტექნიკურები იყვნენ, ასე, რომ მათთან გამკლავება, ქართველი გოგონებისთვის სულაც არ იყო მარტივი.
„ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა. პირველ ტაიმში, რაც დაგეგმილი და დამუშავებული გვქონდა ისე გაკეთდა. მეორე ტაიმში კი, ტრავმის გამო მომიწია ფორვარდის მოხსნა, რამაც შეხვედრის ამ მონაკვეთში, სხვა სისტემაზე გადაწყობა მოგვიწია. ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს თამაშში, თავიდანვე დიდი მოტივაციით და შემართებით ვიყავით, რამაც შედეგი გამოიღო. მადლობა ამისათვის სტაფს და ფეხბურთელებს. ახლა, უკვე შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ", - ამბობს ტატა მატვეევა TSFF.Ge-სთან გაკეთებულ მატჩის შემდგომ კომენტარში.
მეორე ტაიმის საწყისს წუთებზე ჩრდ. მაკედონიელებმა შეიძლება ითქვას იშვიათი გამონაკლისი, ჩვენი კარის მიმართულებით დაერტყათ, კარგად გამოიყენეს და 49-ე წუთზე გაგვიტანეს. ლანა სპასოვსკამ კარად შენიშნა კარიდან ოდნავ შორს გამოსული ქართველთა მეკარე და შორი მანძილიდან გაგვიტანა. თუმცა, ეს შესაძლოა, ჩვენი კარის მცველის თინიკო ჯაიანის ერთადერთი შეცდომა იყო დღევანდელ შეხვედრაში. საბედნიეროდ, 76-ე წუთზე ქართველთა მორიგ სტანდარტულს, მეტოქის ფეხბურთელთა მხრიდან შეცდომა მოჰყვა და მომენტი ავტოგოლით, ჩვენთვის კი, მესამე გოლით დაგვირგვინდა. საქართველოს ნაკრები, ორი ბურთით 3-1 დაწინაურდა და ამით, რეალურად, ხელ-ფეხი შეუკრა მატჩის ლატვიელ მსაჯს ელენა ერმოლაევას, რომელიც აშკარად და ტენდენციურად ქართული გუნდის წინააღმდეგ მსაჯობდა. დიახ, შესაძლოა, მსაჯების შეფასებებისგან, მედიის წარმომადგენლები თავს უნდა ვიკავებდეთ, თუმცა, ერმოლაევას მსგავსად, ქართული ქალთა კლუბების მიმართ ტენდენციური მსაჯობა, ალბათ, ოდესმე უნდა დასრულდეს.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომელმაც ამ გუნდების ურთიერთ შეხვედრებში პირველად მოახერხა ჩრდილოეთ მაკედონიელების დამარცხება (სხვათა შორის რაც აქამდე შევხვედრივართ, თამაშები სულ ჩრდ. მაკედონიაში ტარდებოდა და სადაც, თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" მოწმე გავხდით, მსგავსი ტენდენციური მსაჯობის, ჩრდ. მაკედონიაში რა იქნებოდა, რთული წარმოსადგენი არაა), შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: თინიკო ჯაიანი, ბარბარე მანაგაძე, ელენე თვალჭრელიძე, სესილი მასხარაშვილი (ელენე გოგლაძე 87'), ნინი ვეკუა, ანა დოლიშვილი, მარიამ გასანოვა, ნატალია გუგულაშვილი (ლიზი ბახტაძე 83'), მიხალ გოგოლაძე (ნინო აბულაძე 46'), თამარ ალანია (მარიამ ჩალაძე 63'), თეკლა ბერიძე.
მომდევნო შეხვედრას, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 28 ოქტომბერი, 16:00 საათზე, კვლავ სფფ-ის საფეხბურთი ცენტრში „ბასა" უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჯგუფის ბოლო მატჩს კი, ჩვენი გუნდი ამავე სტადიონზე, 31 ოქტომბერს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა, ოქტომბრის თამაშებისთვის ასე გამოიყურება - მეკარეებო: ანასტასია გოგელია („კოლხეთი"), თინიკო ჯაიანი („ბათუმი"); მცველები: სესილი მასხარაშვილი („რუსთავი"), ბარბარე მანაგაძე („მართვე"), მარიამ ჩალაძე („რუსთავი"), ნინი ვეკუა („ნორჩები"), ელენე თვალჭრელიძე („მართვე"), ელენე გოგლაძე („ნორჩები"), ანანო გაბოევი („გორი იუნაიტედი"); ნახევარმცველები: ნინო სხირტლაძე („რუსთავი"), თამარ ალანია („კოლხეთი"), ნინო აბულაძე („ბათუმი"), მარიამ გასანოვა („კვარტალი"), ანა დოლიშვილი („კვარტალი"), მიხალ გოგოლაძე („მაკაბი ჰადერა", ისრაელი), ნატალია გუგულაშვილი („ფუენლაბრადა", ესპანეთი), მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი"); თავდამსხმელები: თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო"), სოფია წიქარიძე („დინამო" სოხუმი), ლიზი ბახტაძე („სპაერი").
და ბოლოს გეტყვით, რომ თბილისის ზღვის ბაზაზე, დღეს, უელსისა და ლუქსემბურგის ნაკრებებმა ითამაშეს. შეხვედრა ლუქსემბურგელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა. ჯგუფს კი, ბურთების ფარდობითობის გამო, უელსი ლიდერობს. 28 ოქტომბერს, „ბასაზე" დაგეგმილ მატჩამდე, 14:00 საათზე, ჩრდ. მაკედონია, ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.
ფოტო: სფფ





ჩვენ







