ნინიაშვილის ბრინჯაო - ეკატერინბურგის გრანდ სლემის პირველი დღე
ნინიაშვილის ბრინჯაო - ეკატერინბურგის გრანდ სლემის პირველი დღე
15.03.2019
ავტორი:

დღეს, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დაიწყო ძიუდოს 2019 წლის  გრანდ სლემი, სადაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც მონაწილეობს. ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია და შეჯიბრების პირველივე დღეს, სპორტსმენებმა საკმაოდ საინტერესო სანახაობა შემოგვთავაზეს.

ტატამზე არც ამჯერად გამოსულან ქართველი ძიუდოისტი გოგონები. როგორც ცნობილია, ჩვენ მათ მიმდინარე თვის ბოლოს, თბილისის გრან პრიზე ვიხილავთ.


60 კგ

უმსუბუქეს წონაში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ჰყავდა: ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე.

ახალგაზრდა ნოზაძემ, რომელმაც წელს პარიზში გრანდ სლემის პირველი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, სამწუხაროდ, თავი ვერაფრით გამოიჩინა. პირველ წრეში, ყირგიზეთის ნაკრების წევრის - დოლოტბეკ ტაალაიბელ ულუს იპონით დამარცხების შემდეგ, ნოზაძე რუსეთის წარმომადგენელს - ალბერტ ოგუზოვს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში ვაზარით დამარცხდა.

რაც შეეხება ჩხვიმიანს, გამოცდილმა ძიუდოისტმა ეკატერინბურგის ტატამზე გამოსვლა ტაჯიკ დალერ ქურბონჯონოვთან გამარჯვებით დაიწყო. მეორე წრეში, ლუხუმმა ბრაზილიელი ფელიპე პელიმი ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალში, ქართველი ძიუდოისტი რუსეთის წარმომადგენელთან - ისლამ იაშიევთან გაფრთხილებებით დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, სადაც უკვე თავად მოუგო გაფრთხილებებით რუს სახავატ გაჯიევს და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას დაუპირისპირდა. ბრინჯაოს მედალი ჭკადუას ერგო. ჰოლანდიელმა ქართველმა ჩხვიმიანის დამარცხება ვაზარით შეძლო.


66 კგ

ამ წონაში, მხოლოდ ერთი წარმომადგენელი - ბაგრატ ნინიაშვილი გვყავდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც რუსეთის წარმომადგენელი - არამ გრიგორიანი იპონით დაამარცხა. მომდევნო წრეში, ვაზარით მოუგო ფრანგ დენიელ ჯინს. ნახევარფინალში, ნინიაშვილი ისა ისაევთან გაფრთხილებებით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც იაპონელ ტარო ფუჯისაკასთან მოუწია შერკინება. შეიძლება ითქვას, რომ ნინიაშვილმა მეტოქეს არაფრის შანსი არ მისცა; ორი ლამაზი გდებით დაამარცხა კიდეც და გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


ხვალ, ტატამზე ლაშა შავდათუაშვილის, ვალერი იაშვილის (ორივე 73 კგ), ტატო გრიგალაშვილისა და ლუკა მაისურაძის (ორივე 81 კგ) გამოსვლას ველოდებით.


მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა