გუდაურში, სკი-კროსის პირველი სტარტი გაუქმდა
გუდაურში, სკი-კროსის პირველი სტარტი გაუქმდა
15.03.2019
ავტორი:

ძლიერი ნისლისა და უამინდობის გამო, დღეს, 15 მარტს ,  გუდაურში დაგეგმილი FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრი გაუქმდა. შესაბამისად  15 მარტის სტარტზე დარეგისტრირებულ მონაწილეებს, ხვალ და ზეგ, მხოლოდ, ევროპის თასის ეტაპებში მოუწევთ  ასპარეზობა, თუკი, ბუნებრივია, ამინდი ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს ამის საშუალებას მისცემს.

16 და 17 მარტის სტარტებში, ერთი ქართველი სპორტსმენი, საქართველოს სათხილამურო ფრისტაილის ნაკრების წევრი, დავით თედიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

,,დღეს გუდაურში უნდა ჩატარებულიყო FIS-ის სქი-ქროსის სარეიტინგო შეჯიბრება, მაგრამ ცუდი ამინდის გამო გაუქმდა. ხშირად საზღვარგარეთაც ამინდის გამო შეჯიბრებები უქმდება ხოლმე. ხვალ და ზეგ კი ევროპის თასის ეტაპებია დაგეგმილი. იმედია უკეთესი ამინდი იქნება და ჩატარდება. ზაფხულში ვარჯიშის დროს ტრავმა მივიღე, ოპერაცია გავიკეთე და ამჟამად რეაბილიტაციას გავდივარ. კარგ ფორმაში ჯერ არ ვარ, მაგრამ რადგან საქართველოში ტარდება ასეთი მაღალი დონის შეჯიბრი, მონაწილეობა აუცილებლად უნდა მივიღო. დღევანდელ შეჯიბრზე სულ ექვსი ქართველი უნდა გამოვსულიყავით. ხვალ კი მარტო მე გამოვდივარ. დანარჩენებს ჯერ-ჯერობით შესაბამისი ქულები არ აქვთ", - ამბობს დავით თედიაშვილი.




შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.  მანამდე კი, საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულება 4 წლის მანძილზე სხვადასხვა სამთო კურორტებზე, მსავსი შეჯიბრები გამართოს. ამიტომაც, მათი მაღალ დონეზე ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

სქი-კროსამდე, გუდაურმა 8-10 მარტს, FIS-ის კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა სნოუბორ-კროსში და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელთაგან მაღალი შეფასება მიიღო.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული ევროპის თასის ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრები სნოუბორდ-კროსში და სკი-კროსში, საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტის" მხარდაჭერით ტარდება.


მასალაში გამოყენებულია ნინო ალავიძი და სათხილამურო ფედერაციის ფოტოები