თბილისი ფუტსალში, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მოლოდინშია
თბილისი ფუტსალში, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მოლოდინშია
15.03.2019
ავტორი:

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 24-27 მარტის ჩათვლით ფუტსალში, 19-წლამდე 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდი გაიმართება. საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა  ტურნირისთვის მზადება დაიწყო და 15 მარტს, თბილისის ფრენბურთის არენაზე ავთანდილ ასათიანის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

„ამ ბავშვებით, მოცემულ მომენტში, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაქსიმუმია. ეს ბიჭები, ქართულ ფუტსალში პირველ ნაბიჯებს დგამენ. 2-3 თვეში კი, ფუტსალი არ ისწავლება. გუნდმა, პირველი ამხანაგური თამაში, 5 თვის წინ ითამაშა. ასე, რომ ვიცით, მსგავს ტურნირზე ასპარეზობა საკმაოდ მძიმე იქნება. ამ ეტაპზე, ვცდილობთ, მოთამაშეებმა, რაც შეიძლება თავისუფლად იგრძნონ თავი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ფუტსალის 19-წლამდე ასაკობრივი ნაკრები პირველად შეიქმნა. ასე, რომ თუკი რაიმე ჩავარდნა იქნება, ამის გამო ბიჭებს, ხელი არ უნდა ვკრათ და პირიქით, გავუფთხილდეთ, გვერდში დავუდგეთ. მე, გამომივლია ეს და ვიცი, რომ იყო დრო, როდესაც ეროვნული ნაკრები დიდი ანგარიშებით ვაგებდით, მაგრამ წლების შემდეგ, ჩვენი ნაკრები არა თუ დიდი ანგარიშებით აგებს, პირიქით, ბევრ ნაკრებს ჩვენთან თამაში გაუჭირდება. ამიტომ აქაც, ამ ასაკობრივ ნაკრებშიც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიწიოთ წინ",  - ამბობს ავთანდილ ასათიანი.




19-წლამდე ნაკრებში, ამ ეტაპზე მწვრთნელს 14 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული - მეკარეები: თორნიკე დვალიშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი (თსუ); წინა ხაზი: დავით მოგელაძე, გეგა კოშაძე, გიორგი ზუნტუროვი, ნიკოლოზ ნადარეიშვილი (ყველა თელასი) გიორგი ღავთაძე, დაჩი ჩადუნელი, ბექა ბექაური, ნიკოლოზ ხარატიშვილი, რომა კუხიანიძე (ყველა თსუ) გიორგი ჩადუნელი (თბილისი) გიორგი კურტანიძე (ილიას უნივერსიტეტი) ირაკლი გაბისკირია (ქუჯი).

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევრო 2019-ზე მოსახვედრად მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფში ესპანეთის, თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად იბრძოლებს.

„ჩვენს ჯგუფში, უდაო ფავორიტად ესპანეთის ნაკრები მიმაჩნია. ის ბევრად მაღლა დგას სხვა ნაკრებებთან შედარებით. სერიოზული ნაკრებია უნგრეთიც. პრინციპში ჩვენთვის, ყველა ძლიერი მეტოქეა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი 19-წლამდე ნაკრები, მხოლოდ რამდენიმე თვიან არსებობას ითვლის. დანარჩენები კი, თავიანთი ქყვეყნების ჯერ კიდევ 17-წლამდე ნაკრების დროიდან ერთად მოდიან", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.




ჩვენი ინფორმაციით, შეკრებაზე მყოფი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ შეხვედრები 24, 25 და 27 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ჩვენი გუნდის მონაწილეობით სამივე მატჩი ერთსა და იმავე დროს, 17:00 საათზე დაიწყება. სხვა შეხვედრები 14 საათზე შედგება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.