
ეკატერინბურგის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, ტატამზე მამაკაცთა შორის 73 და 81 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები გამოვიდნენ.
73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და ვალერი იაშვილი გამოდიოდნენ. სამწუხაროდ, ორივე მათგანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ორივეს რუსმა ძიუდოისტებმა მოუგეს.
ოლიმპიური ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი - ლაშა შავდათუაშვილი ევგენი პროკოპჩუკთან დამარცხდა. იაშვილს კი, გეორგი ელბაკიევმა აჯობა.
81 კგ წონით კატეგორიაში, პირველივე შეხვედრაში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა ტატო გრიგალაშვილი. რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, 21 წლის ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ახალგაზრდებს შორის ევროპის 2018 წლის ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ ასპარეზობა მოლდოველ კატალინ მარიანთან შეხვედრით დაიწყო და მეტოქე იპონით დაამარცხა. მომდევნო წრეში, ლუკამ ვაზარით აჯობა მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატარს. ახალგაზრდა ქართველის წარმატებული სვლა მეოთხედფინალში, ბელგიელმა მატიას კასსემ შეაჩერა და მაისურაძე დამამშვიდებელ წრეში გადაერთო, სადაც ჯერ რუმინელ მარსელ კერცეას აჯობა; ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი, ულამაზესი, ეფექტური გდებით გამოცდილი ჰოლანდიელი ძიუდოისტი - ფრენკ დე ვიტი დაამარცხა და დამსახურებულად მოიპოვა მესამე ადგილი.
ხვალ, ტურნირის ბოლო დღეა და მამაკაცთა შორის სამი წონითი კატეგორიის - 90, -100 და +100 კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენებს ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ტატამზე ბექა ღვინიაშვილს (90 კგ) ვიხილავთ. ასევე, ამ წონაში გამოვა უშანგი მარგიანი.
-100 კგ წონით კატეგორიაში, ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი იჭიდავებენ. უმძიმეს წონაში კი, მხოლოდ ერთი წარმომადგენელი - გელა ზაალიშვილი გვეყოლება.
მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა





ჩვენ








