
ეკატერინბურგის გრანდ სლემის ბოლო დღეს, ტატამზე მამაკაცთა შორის 90, -100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ვიხილეთ. სამწუხაროდ, ტურნირი ოქროს მედლის გარეშე დავამთავრეთ, რასთანაც ყველაზე ახლოს ბექა ღვინიაშვილი იყო. თუმცა, საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა.
ღვინიაშვილი ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ გამოჩენილა და გულშემატკივარი მის დაბრუნებას დიდი ინტერესით ელოდა. ბექამაც იმედები არ გაგვიცრუა და ერთმანეთზე უკეთესი ორთაბრძოლები შემოგვთავაზა. ღვინიაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთის მიყოლებით, იპონებით დაამარცხა რუსი ჯაფარ კოსტოევი, თურქი მიხაილ ოზერლერი, იაპონელი გოკი ტაჯიმა; ნახევარფინალში ბეჭებზე გააკრა ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო. ფინალში კი, მისი მეტოქე ჰოლანდიელი ნოელ ვან ტენდი იყო. მან ბექას დამატებით დროში ვაზარი აუღო და ამით, ჩვენს ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი მოუსპო.
90 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა უშანგი მარგიანიც, რომელიც მეოთხედფინალამდე მივიდა. იქ კი, მომავალ ჩემპიონს - ვან ტენდს გადაეყარა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც პირველივე ბრძოლა წააგო ასევე ჰოლანდიელ მეტოქესთან - იესპერ სმინკთან.
-100 კგ წონით კატეგორიაში, პირველივე შეხვედრა წააგო ონისე სანებლიძემ. გიორგი ბერიაშვილმა ლიეტუველი კაროლის ბაუზა იპონით კი დაამარცხა, თუმცა, მომდევნო წრეში მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს გადაეყარა და იპონზე დავარდა.
უმძიმეს წონაში, მხოლოდ ერთი წარმომადგენელი - გელა ზაალიშვილი გვყავდა. ახალგაზრდა ძიუდოისტი რთულ ბადეში მოხვდა და პირველივე შეხვედრა იაპონელ ჰიოგა ოტასთან მოუწია, რომელთანაც გაფრთხილებებით წააგო.
საბოლოოდ, ეკატერინბურგის გრანდ სლემი 3 მედლით - 2 ბრინჯაოთი და 1 ვერცხლით დავასრულეთ.
მორიგი გაჩერება კი, უკვე თბილისია, სადაც მიმდინარე თვის ბოლოს, ყოველწლიურ გრან პრის ვუმასპინძლებთ.
მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა








ჩვენ








