გია ცეცაძეს გუნდმა ორივე ამხანაგური მოიგო
გია ცეცაძეს გუნდმა ორივე ამხანაგური მოიგო
26.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, 2019 წლის მეორე ამხანაგური შეხვედრაც მოიგო. ისევე, როგორც 22 მარტს, სლოვენიის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ, დღესაც, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გია ცეცაძის შეგირდებმა გამარჯვებას მეორე ტაიმში გატანილი გოლებისა და სათამაშო უპირატესობის ხარჯზე მიაღწიეს. ამჯერად, ანგარიშით 2-1, ქართველმა ფეხბურთელებმა, ისრაელის ნაკრები დაამარცხეს.




სლოვენიის ნაკრებთან გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, ისრაელის წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობა ოდნავ შეცვლილი დააყენა გია ცეცაძემ. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სლოვენიის წინააღმდეგ გამართული მატჩისგან განსხვავებით, დღეს, სასტარტო შემადგენლობაში  ორი ფეხბურთელი შეცვალა - გიორგი კუციას ნაცვლად ნიკა ნინუა, ხოლო ირაკლი ბუღრიძის ნაცვლად, ბექა ქავთარაძე დააყენა. თუმცა, ცეცაძემ ცვლილებების მიუხედავად, ტაქტიკური მონახაზი, ამ შემთხვევაში არ შეცვალა.




აღნიშნული ორი ამხანაგური მატჩის წინ, მედიასთან გამართული შეხვედრისას, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის თამაშების დაწყებამდე, მისი გუნდი შეეცდება იმ მონახაზის დახვეწას, რომელზეც ნაკრებმა, გუნდში გია ცეცაძის მისვლის შემდეგ დაიწყო მუშაობა. შესაბამისად, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ სექტემბრისთვის, როდესაც ოფიციალური თამაშები დაიწყება და ნაკრები სასურველ კონდიციასთან ახლოს იქნება, საბოლოოდ გამოიკვეთება ის ბირთვიც, რომელსაც მწვრთნელი დაეყდრნობა.




დღევანდელი შეხვედრა კი, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა, სტუმართა მიერ მე-16 წუთზე გატანილმა გოლმა, ჩვენი გუნდის თამაში ოდნავ არია.  სტუმრებმა კარგად გამოიყენეს სტანდარტული სიტუაცია და საჯარიმო დარტყმიდან, გუგეშაშვილის საჯარიმოში დაკიდებული ბურთი, ქართველთა კარში, თავით, უპრობლემოდ გადააგზავნა ისრაელის ნაკრების კაპიტანმა ოფრი არადმა, 0-1. გოლის შემდეგ, დაახლოებით შეხვედრის 35-ე წუთამდე, საქართველოს ახალგაზდრული ნაკრების თამაშში, იყო წვრილმანი ხარვეზები. თუმცა, ამ მომენტშიც თამაში, ძირითადად, მიდნვრის ცენტში მიმდინარეობდა.  




მეორე ტაიმი ქართველი ფეხბურთელების შეტევებით დაიწყო და 55-ე წუთზე, თითქმის იმ მომენტის მსგავს, სიტუაციაში, როგორშიც ამ შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა, ამჯერად, სტანდარტული ქართველმა ფეხბურთელებმა გამოიყენეს ზუსტად.  არაბიძის ჩაწოდებული საჯარიმოდან, თავით ამჯერად ლუკა ლოჩოშვილმა გადააგზავნა ისრაელის კარში, 1-1. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა საბოლოოდ ჩაიგდო ხელთ. ცოტა ხანში კი, უხეში თამაშისთვის, ისრაელის ნაკრები 10 კაცის შემადგენლობით დარჩა და ამ გარემოებამ, ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა.  




დღევანდელ შეხვედრაში კი, გადამწყვეტი გოლი გიორგი არაბიძემ 11-მეტრიანით გაიტანა, 2-1. შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა ისრაელის ნაკრები, ირაკლი ბუღრიძის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის დასაჯა. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების თამაში, სწორედ, ბუღრიძისა და ზუკა დავითაშვილის შემოსვლის შემდეგ უფრო გააქტიურდა.  




შეგახსენებთ, რომ ისრაელის 21-წლამდე ნაკრებთან თამაშამდე ჩვენმა ახალგაზრდულმა, 22 მარტს გორში, სლოვენიის ნაკრები 3-0 დაამარცხა. გია ცეცაძის გუნდი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საასპარეზოდ გადის მოსამზადებელ პერიოდს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ ოფიციალურ შეხვედრას, 2019 წლის 5 სექტემბერს, ლიხტენშტეინის ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოში გამართავს.



ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი