ნული ქულით, მაგრამ კარგი გამოცდილებით
ნული ქულით, მაგრამ კარგი გამოცდილებით
27.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლევან ბაჯელიძემ, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ელიტ-რაუნდში გამოსვლა შეაჯამა. ქართველთა მწვრთნელი თვლის, რომ უნგრეთში გამართულ სამივე შეხვედრაში, ჩვენმა ფეხბურთელებმა, მისი ყველა დავალება შეასრულეს.

„პირველ რიგში, მადლობა ჩვენს გოგონებს, რომლებიც ელიტ-რაუნდის ყველა შეხვედრაში მაქსიმალურად იხარჯებოდნენ და თავს არ ზოგავდნენ მინდორზე. ზუსტად, ასეთი დონის თამაშებში მონაწილეობით უნდა გავიზარდოთ და მივიღოთ გამოცდილება, რადგან მომავალ წლებში, უფრო გაგვიადვილდეს ყველა სიძლიერის ნაკრებებთან თამაში. ჩვენი აზრით, ელიტ-რაუნდმა გოგონებს მეტი თვითრწმენა შემატა.  ეს მათ, სამომავლოდ, საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში, კიდევ უფრო დაარწმუნებს" - ამბობს ლევან ბაჯელიძე.



საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა, ქვეყნის ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ელიტ-რაუნდში პირველად იასპარეზა. ქართველი გოგონები ინგლისის, საბერძნეთისა და უნგრეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ ჯგუფში.  ჩვენების პირველი მეტოქე, ინგლისის 17-წლამდე ქალთა ნაკრები იყო, რომელიც ამ ასაკობრივი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ხშირი „სტუმარია" და რამდენჯერმე, ½ ფინალშიც კი, ასპარეზობდა.  ამ დაპირისპირებაში, თუმცა ისევე, როგორც ელიტ-რაუნდის უნგრეთის ჯგუფში, ინგლისელები უდაო ფავორიტები იყვნენ და ბუნებრივია, რომ ეტაპის დებიუტანტის, საქართველოს ნაკრების დამარცხება მათ ადვილად მოახერხეს, ანგარიშით 8-0. სხვათა შორის, ერთი დეტალი, ქალთა ფეხბურთში, მამაკაცთა თამაშისგან განსხვავებით, მსგავსი ანგარიშები დამახასიათებელია. ინგლისმა ჯგუფის სამივე შეხვედრა მოიგო, უნგრეთი 3-0, ხოლო ბერძნები 2-0 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.




დაძაბული გამოდგა ქართველთათვის მეორე ჯგუფური შეხვედრა საბერძნეთის წინააღმდეგ. ქართველმა ფეხბურთელებმა 3-0 წააგეს და ყველა გოლი, ამ შეხვედრაში, პირველ ტაიმში გავიდა. ბერძნებმა, ანგარიში მატჩის დებიუტში, მე-5 წუთზე გახსნეს. პირველი ტაიმის მიწურულს კი 38-ე და 44-ე წუთებზე კიდევ, 2 გოლი გაგვიტანეს. პირველივე ტაიმში გაშვებული 3 გოლის მიუხედავად, შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. თუმცა, თუკი, საბერძნეთის ნაკრებმა, პირველ ტაიმში თითქმის, ყველა შანსი გოლში გარდასახა, ქართველ ფეხბურთელებს დამამთავრებელ ფაზაში სიზუსტე აკლდებოდათ.    



   

ბოლო, დასკვნით, მესამე შეხვედრაში, მასპინძლებმა, უნგრელმა ფეხბურთელებმა, ანგარიშის გახსნა, მხოლოდ, 51-ე წუთზე მოახერხეს. კიდევ 4 წუთში კი, შეხვედრის მოლდოველმა არბიტრმა, რომელმაც ქართველთა მონაწილეობით უნგრული ტურნირის პირველი მატჩი იმსაჯა, ჩვენს კარში, საეჭვო 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც მასპინძელმა უნგრელმა ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს. ეს კი, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქართველთა თამაშში, ბზარი შეეტანა. ამ შეხვედრაში კიდევ 2 გოლი გავიდა, 64-ე და 89-ე წუთებზე. ელიტ-რაუნდის ბოლო შეხვედრა კი, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა 0-4 წააგო.




შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები სამშობლოში 0 ქულით, თუმცა, კარგი გამოცდილებით ბრუნდებიან. აქვე გეტყვით, რომ 2020 წელს, საქართველოში 19-წლამდე ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი გაიმართება. იმ ტურნირზე კი, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების დღევანდელ წევრებასც მოუწევთ თამაში. ასე, რომ მომავალი სტარტებისთვის, ქართველმა გოგონებმა უნგრეთში გამართულ ელიტ-რაუნდზე, პირველ რიგში კარგი გამოცდილება მიიღეს.


უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ფოტო-მასალა