
24-დან 27 მარტის ჩათვლით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალში, საქართველოს 19- წლამდე ნაკრებმა, ევრო 2019 წლის მეინ-რაუნდში მიიღო მონაწილეობა. ტურნირს, რომელსაც თბილისმა პირველად უმასპინძლა ესპანეთის, უნგრეთის, თურქეთისა და ჩვენი ნაკრებები მონაწილეობდნენ. მეინ-რაუნდის დაწყებამდე, ჯგუფის ფავორიტად ერთპიროვნულად ესპანეთის ნაკრები იყო მიჩნეული და შესაბამისად, სპეციალისტთა მოლოდინი გამართლა კიდეც. ესპანელებმა ჯგუფის ყველა შეხვედრა მოიგეს, თურქეთთან 4-2, უნგრეთთან 0-3 და ბოლოს საქართველოსთან, ასევე 0-3. შესაბამისდა, 3 მოგებით, მეინ-რაუნდის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელიც ევრო 2019-ის მომდევნო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.
პირველი ტურის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა უნგრეთის წინააღმდეგ გამართა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უნგრეთის გამარჯვებით 5-2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლები გეგა კოშაძემ და დაჩი ჩადუნელმა გაიტანეს.

„მინდა, რომ ამ ბავშვებს, ყველანაირად ხელი შევუწყოთ, რათა სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო კარგად ისწავლონ. ისინი ახლა სწორედ, სწავლების პროცესში არიან და ფეხს იდგამენ ფუტსალში. ვფიქრობ, ეს ის თაობაა, რომელიც რამდენიმე წელში, ეროვნულ ნაკრებს მისცემს შევსებას. ამიტომ, ამ ეტაპზე, აქცენტი ფუტსალის სწორ სწავლებაზე გვაქვს გადატანილი. რთულია, ეგრევე, შედეგზე ფიქრი. მეინ-რაუნდზეც, ჩვენი გუნდის გამოსვლას, ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. თურქეთი ნამდვილად არ არის იოლი მოწინააღმდეგე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაკრები ყოველ თამაშზე მოუმატებს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
მომდევნო შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა სწორედ, თურქეთის წინააღმდეგ გამართეს. ავთანდილ ასათიანის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 2-3 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ჩვენი გუნდი ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველ ტაიმში მოახერხეს. საბოლოოდ, მატჩის ბედი 34-ე წუთზე გადაწყდა, დვალიშვილის კარი აჯარმა აიღო და საკუთარ გუნდს პირველი სამი ქულა მოუტანა.

ბოლო შეხვედრა ესპანელებთან, ქართელმა ფეხბურთელებმა ფრთხილად დაიწყეს. თუ არ ჩავთვლით 4 წუთიან მონაკვეთს, პირველ ტაიმში, როდესაც ჩვენს კარში 3 გოლი გავიდა, შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა, ჩვენს სპორტსმენებს მეორე ტაიმის მუწურულს ჰქონდათ. თუმცა, ბოლო მომენტში ესპანელთა გამოცდილებამ გადაძალა და შეხვედრაც მათ მოიგეს, 3-0.
„ესპანეთს, ფუტსალში, ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა აქვს მსოფლიოში. ესპანეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორი ტურის შემდეგ, უკვე გასული არის მომდევნო ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი ბავშვები, ესპანელებისგან ბევრ რამეს ისწავლიან. ჩვენ შევეცდეთ, ის სწორი ტაქტიკური მონახაზი გავაკეთოდ, რომელიც ამ თამაშისთვის გამოგვადგებოდა,"- ამბობს ავთანდილ ასათიანი.

სხვათა შორის, თბილისური მეინ-რაუნდის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა, ჯგუფის ბოლო საასპარეზო დღეს გაიმართა. თურქეთისა და უნგრეთის 19-წლამდე ნაკრებების დაპირისპირებაში, ანგარიში უნგრელებმა გახსნეს და მალე ერთ გოლს მეორეც დაუმატეს. პირველ ტაიმშიც, უნგრელები უფრო აქტიურობდნენ. თუმცა, მეორე ტაიმში თურქები, თითქოს შეცვლილი გუნდით გამოვიდნენ მოედანზე და 20 წუთში 7 გოლის გატანა მოახერხეს. შეხვდრა საბოლოოდ 7-3 დასრულდა.





ჩვენ








