
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, დღეს, ხელბურთში, 17-წლამდე ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკონკურსო ლოგოს ნიმუშებისა და აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილე საქართველოს გოგონათა ნაკრების ოფიციალური წარდგენა გაიმართა.
ხელბურთში, ქალთა შორის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2019 წლის 3-11 აგვისტოს ჩათვლით თბილისში გაიმართება და მასში 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან სერბეთის, უკრაინის, შვეიცარიის, ფინეთის, ლიეტუვას, ბულგარეთის, ფარერის კუნძულების, საბერძნეთის, ლატვიისა და საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებები.

მოგეხსენებათ, 2015 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელბურთის ფედერაცია რეგულარულად მასპინძლობს სხვადასხვა რანგის მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებს და მსოფლიოსა და ევროპის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ ოფიციალურად ტოპ-ორგანიზატორადაც არის აღიარებული. ამდენად, თბილისში, კიდევ ერთი წარმატებული ტურნირის ჩატარება არა მხოლოდ საერთაშორისო სარბიელზე, არამდედ, თავად საქართველოშიც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ხელბურთის აქტიურმა ქომაგებმა იციან, რომ ბოლო ათწლეულებში საქართველოში ქალთა ხელბურთი სრულიად ჩაკვდა და მხოლოდ, უკანასკნელ ხანს, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მონდომებით დაიწყო აღორძინება. დღეს, საქართველოში ტარდებდა ჩემპიონატი უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის, საქართველოს ჩემპიონატი 17-წლამდელ გოგონათა შორის და საქართველოს ჩემპიონატს 15-წლამდე გოგონათა შორის. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისელ გოგონათა გუნდი „ოლიმპია", რომელიც დიდწილად ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების ბაზაზეა შექმნილი, მონაწილეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ ჩემპიონატში.

რაც შეეხება დღეს, სეოკ-ში გამართულ შეხვედრას, როგორც გითხარით, გოგონათა ნაკრების წარდგენასთან ერთად, დარბაზში გამოფენილი იყო ხელბურთის ფედერაციაში საკონკურსო წესით შემოსული ღონისძიების ლოგოს 51 ნიმუში. რომელთა შორის, ჟიურიმ გამარჯვებულად, თეონა ოთხოზორიას მიერ შექმნილი ლოგო გამოცხადდა.





ჩვენ








