2-0 არც თუ ცუდი შედეგი უეფა-ს 10-ულის გუნდთან
2-0 არც თუ ცუდი შედეგი უეფა-ს 10-ულის გუნდთან
31.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები სკოპიეში მიმდინარე  უეფა-ს განვითარების თასის გათამაშების ბოლო შეხვედრას, 2 აპრილს, ლუქსემბურგის 16-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს კი, ჩვენმა გოგონებმა მაკედონიაში მიმდინარე ტურნირზე ლიდერთან, ნორვეგიის ნაკრებთან გამართეს შეხვედრა და  ანგარიშით, 2-0 დამარცხდნენ. ნორვეგიელებმა ქართველებს თითო ტაიმში, თითო გოლი გაუტანეს.

„მოწინააღმდეგე გუნდიდან გამომდინარე სათამაშო სისტემა შევცვალეთ.  თუ გავითვალისწინებთ, რომ 7 ფეხბურთელი, უშუალოდ ტურნირის დროს შემოგვირთდა ამ სისტემაში, სწორად მოქმედებას შეეცადნენ და ამას, არც თუ ისე ცუდად გაართვეს თავი. საერთო ჯამში, რეალობიდან გამომდინარე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო იმ ბრძოლისთვისა და შემართებისთვის, რაც გოგონებმა ნორვეგიასთან თამაშის დროს გამოავლინეს", - ამბობს არჩილ ჩხაბერიძე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

მაკედონიაში მიმდინარე ტურნირზე, ნორვეგიელებმა, გათამაშების პირველ შეხვედრაში, ლუქსემბურგის ნაკრები 6-0 დაამარცხეს. ჩვენ, შეგახსენებთ, პირველი შევხედრა 3-2 მოვუგეთ მასპინძლებს. დღეს გამართული კიდევ ერთი შეხვედრა კი, მაკედონიისა და ლუქსემბურგის 16-წლამდე გუნდებს შორის ფრედ 1-1 დასრულდა. ტურნირის წესების შესაბამისად. დაინიშნა 11-მეტრიანების სერია, რომელიც ზუსტად შეასრულეს მასპინძლებმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები სულ რამოდენიმე თვეა ერთად ვარჯიშობს. ნორვეგია, კი ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ქვეყანაა და ქალთა ფეხბურთის კუთხით, უეფა-ს რეიტინგების 10-ულში შედის. ნორვეგიაში რეგისტრირებული ქალი ფეხბურთელების რაოდენობა 100000-დან 150000-მდე მერყეობს, მაშინ, როცა საქართველოში რეგისტრირებული ქალი ფეხბურთელების რიცხვი, მხოლოდ  400 აღწევს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნორვეგიის ქალთა ნაკრები სხავდასხვა წლებში იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, იყო ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულიც. შესაბამისად, ქვეყანაში, სადაც ქალთა ფეხბურთი ასე პოპულარულია, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ მიმდევარიც ბევრი ჰყავს და შესაბამისად, ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებებში მოსახვედრადაც დიდი კონკურენციაა.

სხვათა შორის, ნორვეგიაში საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი ტატა მატვეევა თამაშობს. აღნიშნულ ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის შესახებ, ტატასთან ჩვენი გვერდის მიერ მომზადებულ ინტერვიუშიც შეგიძლიათ წაიკითხოდ.