პირველი მედალი ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე
პირველი მედალი ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე
07.04.2019
ავტორი:

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა, ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტურნირის მეორე საასპარეზო დღეს პირველი მედალი მოიპოვა. შოთა მიშველიძემ (61 კგ), რომელიც ბათუმის ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონის რანგში წარსდგა, აკვრაში გახდა საუკეთესო. მიშველიძეს, რომელსაც ახალი ნაოპერაციევი მუხლი ჯერაც არ მოუშუშებია და მხარიც საოპერაციო აქვს, ქართველი გულშემატკივრების შეძახილებით დამუხტულმა 156 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი დაიმსახურა.

მიშველიძეს ატაცში და ორჭიდში სამეულში შესასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა. ატაცში 125 კილოგრამი დაძლია, ხოლო ორჭიდში 281 კილოგრამს მოუყარა თავი.




საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, 124 კილოგრამით ატაცში მეექვსე შედეგი ჰქონდა ნაკრების კიდევ ერთ წევრს რამინ შამილიშვილს. ნაკრების გამოცდილმა წევრმა აკვრაში 152 კილოგრამი დაიმორჩილა და მეხუთე იყო. ასევე მეხუთე ადგილი ერგო ორჭიდის ჯამშიც - 276 კგ.

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა გუნდმა დღეს დაიწყო. მასპინძელთა უმთვარესი გუნდი 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთბაშად ორი ძალოსანით - რამინ შამილიშვილით და შოთა მიშველიძეთი იყო წარმოდგენილი.




ასპარეზობის პირველ დღე

 ბათუმის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი B ჯგუფით და 45 და 49 კილოგრამ წონით კატეგორიებში ქალთა ასპარეზობებით დაიწყო. მონაწილე ოთხი ძალოსანი აღმოჩნდა. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი ხათუნა ჯიმშელეიშვილი (49 კგ), რომელსაც ატაცში სამივე ცდის წარმატებით გამოყენებით (56, 59, 62) მესამე შედეგი აღმოაჩნდა. ქართველი ძალოსნისთვის აკვრაში ორი ცდა გამოდგა შედეგიანი (70, 74, რამაც ის ერთი საფეხურით დააწინაურა. ჯიმშელეიშვილი ორჭიდის ჯამშიც მეორე იყო - 136.

ასპარეზობის მეორე დღე

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ევროპის ორი რეკორდი განახლდა. ამასთან, ევროპის რეკორდები დამყარდა B ჯგუფში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქალთა ასპარეზობისას.

ბელგიელმა ნინა სტერქსმა ატაცში მის მიერვე შარშან აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული 17-წლამდელთა ევროპის რეკორდი (81 კგ) გააუმჯობესა - 82 კგ.

ბელგიელმა ორჭიდის ჯამშიც მის მიერვე აშხაბადში დამყარებული ამავე ასაკობრივი კატეგორიის ევროპის რეკორდი (182 კგ) დაამხო - 183 კგ.