ლიდერები პოზიციებს იმყარებენ
ლიდერები პოზიციებს იმყარებენ
08.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ყველა შეხვედრაში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. გათამაშების ლიდერებმა  ამ ტურის მატჩებიც მოიგეს. საერთო ჯამში მე-7 ტურში 16 გოლი გავიდა. ბომბარდირთა დავაში კი, „დინამო თბილისის"  ნახევარმცველი ლევან შენგელია ლიდერობს, 5 გატანილი გოლით, რომელთაგან ორი, დინამოელმა „რუსთავთან" დაპირისპირებაში გაიტანა.

„დინამო თბილისი" - „რუსთავი" 3-1




„დინამო არენაზე", „დინამო თბილისისა" და „რუსთავის" დაპირისპირება იმდენად საინტერესო არ გამოვიდა, როგორც დინამოელთა მიერ ჩატარებული შეხვედრები „საბურთალოსა" და „ტორპედოს" წინააღმდეგ, თუმცა, დაძაბულობა, არც ამ თამაშს აკლდა. კარის მიმართულებით პირველად, „რუსთავში" მოთამაშე ყოფილმა დინამოელმა ლაშა ქოჩლაძემ დაარტყა, თუმცა უშედეგოდ. ამ მომენტიდან კიდევ რამდენიმე წუთი რუსთაველები ეცადნენ „დინამო თბილისის" კარის მიმართულებით ეთამაშად, თუმცა, მათი ყველა მცდელობა, დინამოელთა საჯარიმოს მისადგომებთან სრულდებოდა. სამაგიეროდ, ერთთამაშიანი იძულებითი „დეიოფის" შემდეგ, აკაკი შულაიას დაბრუნება, თბილისელთა მიერ მარცხენა ფლანგიდან განვითარებულ კომბინაციებს დაეტყო. პოზიციურად ჯაბნიდნენ მეტოქეს ლევან შენგელია და ლევან კუტალია. სწორედ, კუტალიასთან უხეში თამაშის გამო, დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა მეორე ლევანმა, შენგელიამ, 1-0 და გატანილი გოლებით კუტალიას გაუთანაბრდა.  პირველი გოლის შემდეგ, 4 წუთში, 33-ე წუთზე, გიორგი ზარიას გადაცემა გოლით, აკაკი შულაიამ დააგვირგვინა, 2-0. დინამოელებს, კიდევ ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა. თუმცა, პირველ ტაიმში, მეტი გოლი აღარ გასულა.




მეორე ტაიმიც, პირველის ანალოგიურად გაგრძელდა. ერთი-მეორეს მიყოლებით გოლების გატანის შანსი ჰქონდათ ლევან შენგელიას, ლევან კუტალიას, გიორგი ზარიას, აბდულ მეჯუბის. თუმცა, შეხვედრის ამ მონაკვეთში, მხოლოდ 2 გოლი გავიდა და ისიც, თითო კარში. თავდაპირველად, დინამოელები 3-0 დაწინაურდნენ. ნინუას მიერ დაწყებული კომბინაციაში კარბია-შულაია-კუტალიაც ჩაერთნენ და ბოლოს, ბურთთან შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და დუბლი გაიფორმა.




ვიდრე, ამ შეხვედრაში კიდევ ერთი გოლი, მხოლოდ ამჯერად „დინამო თბილისის" კარში გავიდოდა, თბილისელთა რიგებში შეცვლაზე  „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილი 17 წლის ირაკლი აზაროვი გამოვდა, რომლისთვისაც „რუსთავთან" შეხვედრა სადებიუტო იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მონდორზე 20 წუთი დაჰყო და პირველი თამაშის კვალობაზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აზაროვს, არ გასჭირვებია ბევრად გამოცდილი თანაგუნდელებისთვის „ფეხის ამბა" და სადებიუტო ნერვიულობაც ნაკლებად ეტყობოდა.   




დროის ამ, დარჩენილ მონაკვეთში კი, „რუსთავმა" ოდნავ მოუმატა თამაშს და ერთ მონეტში, დინამოელები აბდელ მეჯუბმა იხსნა, მომდევნო მონაკვეთში კი 76-ე წუთზე, ლაშა ქოჩლაძის გადაცემით ლუკა იმნაძემ ერთი გოლის გაქვითვა შესძლო 3-1. სწორედ, ამ ანგარიშით დასრულდა შეხვედრა, რომელშიც „დინამო თბილისმა" მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.  


„დილა" - „ტორპედო" 0-2

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დილასა" და „ტორპედოს" დაპირისპირებას დაძაბულობა არ აკლდა. თუმცა,  წვრილ-წვრლი წუნის გამო, რომელიც შეხვედრის ამ მონაკვეთში ორივე გუნდს ბლომად ჰქონდათ, სხვა მნიშვნელოვანი არც არაფერი მომხდარა.  თუ არ ჩავთვლით ყვითელ ბარათს, რომელიც ტაიმის მიწურულს, ტორპედოელმა გიორგი ქიმაძემ ალვინ ფორტესთან უხეში თამაშისთვის მიიღო.




მეორე ტაიმი, მომრავლებული ყვითელი ბარათების რაოდენობას თუ შევხედავთ, აქტიურად დაიწყო. 4 წუთში, ალვინ ფორტესმა მოახრეხა, რომ ორჯერ გიორგი ყრუაშვილისგან ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც შესაბამისად, წითელში გადაიზარდა და ფორტეს მინდვრის დატოვება მოუხდა და თანაც, მე-8 ტურის გამოტოვებაც მოუწევს, რომელსაც მისი კლუბი „დინამო თბილისის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ ოთხ წუთში, „დილას" კიდევ ერთმა ლეგიონერმა ამოს ნონდიმაც დაიმსახურა ყვითელი ბარათი, შეხვედრის მიწურულს კი, ყრუაშვილმა ლევან ნონიკაშვილი გააფრთხილა. ეს რაც შეეხება გაფრთხილებებს.




გორის „დილასათვის" უჩვეულოდ, სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადილზე ყოფნას, გიორგი დეკანოსიძის გუნდმა, ვერც ამ ტურში დააღწია თავი. თუკი ფორტესის გაძევებამდე გორელები „ტორპედოსთვის" წინააღმდეგობის გაწევას და თანაბარ თამაშს ახერხებდნენ, კაცნაკლულები აირივნენ და მალე, 55-ე წუთზე, რიჩარდ ლუკამ ეფექტური გოლი გაიტანა, 0-1. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ორივე გოლი, სწორედ ამ ფეხბურთელზე მოდის, რომელიც „დილასთან" შეხვედრისას ტორპედოელთაგან ყველაზე აქტიური და მოტივირებული იყო. დუბლი კი,  ლუკამ 88-ე წუთზე ზუსტად დარტყმული 11-მეტრიანით შეასრულა. „ტორპედომ" 0-2 მოიგო და აქტივში, 3 ქულა ჩაიწერა.




„ჩიხურა" - „ლოკომოტივი" 1-0

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეროვნული ლიგის გათამაშების მხოლოდ დასაწყისია და გუნდებს, 7 ტური აქვთ ჩატარებული, თბილისის „ლოკომოტივის" არა მარტო სატურნირო ცხრილი, არამედ გუნდის რიგ მოთამაშეთა მიერ ნაჩვენები თამაშიც კი, „ლოკოს" მწვრთნელებს დიდი საფიქრალის წინაშე აყენებს. გუნდი, რომელსაც ახალი სეზონის კარგი სტარტი ჰქონდა, სავარაუდოდ სერიოზული საკადრო პრობლემების წინაშე დადგა.




„ჩიხურასთან" მატჩში კი, ერთადერთი გოლი, შეხვედრის 50-ე წუთზე, ლოკომოტიველთა მეკარის დემეტრე ბულისკერიას უხეშ შეცდომას მოჰყვა. ანგარიში ბიძინა მახარობლიძემ გახსნა, 1-0 და მიმდინარე სეზონში საჩხერლებს მეორე გამარჯვება მოუტანა.

თბილისის „ლოკომოტივთან" მატჩში შედგა, „ჩიხურაში" იჯარის წესით გადასული მიხეილ ერგემლიძის დებიუტიც. ამ გამარჯვების შემდეგ, „ჩიხურამ" 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 საფეხურზე გაიმყარა პოზიცია.


„ვიტ ჯორჯია" - „საბურთალო" 0-3

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე პირველ ტაიმში ძლიერთა შორის დაბრუნებული „ვიტ ჯორჯიას" კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა. ვიტჯორჯიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეხვედრის პირველ ტაიმში მათ საკმაოდ თანაბარი ბძოლა გაუმართეს  „საბურთალოს".



„ვიტ ჯორჯია" ძალიან კარგი გუნდია და ჩვენთვის, ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო. ეს, დღევანდელმა თამაშმაც გვაჩვენა. შეხვედრა საკმაოდ მძიმე იყო, თავის შინაარსიდან გამომდინარე, რადგან ტურის ბოლო შეხვედრა იყო და უკვე ვიცოდით კონკურენტების შედეგები. ამას, თავისებული ზეწოლა ჰქონდა",  - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი მატჩის შემდეგ.




მეორე ტაიმში, „საბურთალოს" რიგებში ლიდერი გამოიკვეთა, რომელმაც გუნდს ტონუსი მისცა და აიყოლია. თუკი „ვიტ ჯორჯია", მეორე ტაიმის საწყის წუთებზე ახერხებდა, გიორგი კოხრეიძისა და საბურთალოელების შეჩერებას, 52-ე წუთზე, კოხრეიძის მიერ გატანილი გოლის შემდეგ, ჩემპიონი სრულად დაეუფლა უპირატესობას. ერთად-ერთი რასაც მასპინძლები ახერხებდნენ, ბოლომდე მიუყვანელი კონტრშეტევები იყო, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, არა „საბურთალოსთვის", არამედ „ვიტ ჯორჯიასთვის" გადამწყვეტი გამოდგა. საფეხბურთო წესი - არ გაგაქვს გაგიტანენ, სოწრედ აქ ამუშავდა და მას შემდეგ რაც, ლუკა ლაკვეხელიანმა ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი გიორგი კოხრეიძეს გადასცა, ამ უკანასკნელმა საკუთარი საჯარიმოდან ვიტჯორჯიელთა კარამდე სოლო-რეიდით გაიარა და თან, გზად 3 მოწინააღმდეგე მოატყუა. შემდეგ კი, კარგ პოზიციაში მყოფი ლაშა შინდაგორიძე მონახა, რომელმაც 72-ე წუთზე „საბურთალო" 0-2 დააწინაურა. ამ შეხვედრაში, ბოლო გოლი კიდევ 4 წუთში, 76-ე წუთზე გავიდა. კუთხურიდან დაწყებული ლაკვეხელიანი-კოხრეიძის იერიში გოლით, ლევან კაკუბავამ დაასრულა, 0-3.




„საბურთალომ" მორიგი 3 ქულა აიღო და მიმდინარე გათამაშებაში ლიდერის პოზიცია 5-ქულიანი უპირატესობით შეინარჩუნა. „ვიტ ჯორჯიამ" კი, დღეს, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ არის გუნდი გოლამდე.

***

ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ბოლნისში ჩატარდა, სადაც „სიონი" 2-4 ბათუმის „დინამოსთან" დამარცხდა.

სატურნირო ცხრილი

მომდევნო მე-8 ტურის კალენდარი

სტატიაში გამოყენებულია „ტორპედოს", „ჩიხურას", „ვიტ-ჯორჯიასა" ფოტო-მასალა