კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა
22.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე „დინამო თბილისის" საკმაოდ უსახური თამაშით დასრულდა. თბილისელებმა, ძლიერთა შორის დაბრუნებული „ვიტ ჯორჯია", როგორც ჩანს სათანადოდ არ შეაფასეს და 3 ქულაც აჩუქეს. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო, თუმცა, არც პირველ ნახევარში და არც მომდევნოში, დინამოელებს, ბევრად მათზე სუსტ მეტოქისთვის კარში არ დაურტყამთ. 53-ე წუთზე კი, „ვიტ ჯორჯიამ" დინამოელებს გოლი გაუტანა, ანგარიშში დაწინაურდა, 1-0 და თემატურად დარჩენილი დროის სხვადასხვა ხერხით გაყვანას შეეცადა. თუმცა, ეს „დინამო თბილისისთვის" თავის გასამართლებლად არაფრით შეიძლება ჩაითვალოს, რადგან თუკი, ვიტჯორჯიელთაგან რამდენიმე მომენტში ჰქონდა სიმულაციას ადგილი და ეს, შეხვედრის არბიტრებისთვის შეუმჩნეველი დარჩა, დინამოელთა პასიურობა და ინდეფერენტულობა ამ შეხვედრაში, მსაჯებს ნაღდად ვერ დაბრალდება. ფაქტია, რომ პირველ წრეში, „დინამო თბილისმა" 3 შეხვედრა წააგო და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-4 საფეხურზეა.

ფრედ 0-0 დასრულდა იმერული დერბი. ქუთაისის „ტორპედომ" თბილისში, საჩხერის „ჩიხურასთან" გასვლაზე ქულები დაკარგა.




ძლიერთა ლიგას მონატრებული ბათუმის „დინამო" პირველი წრის შემდეგ, მეორე საფეხურზეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერს „საბურთალოს", რომელსაც მეორე წრის სასტარტო ტურში, 24 აპრილს,  ბათუმში, „ანგისას ბაზაზე" უმასპინძლებს. ბოლო 7 შეხვედრაში კი,  შავიზღვისპირელებმა 19 ქულა მოიპოვეს და 11 გოლი გაიტანეს. აქედან ორო, პირველი წრის ბოლო ტურში, „ლოკომოტივთან".  შეხვედრა 2-1 დასრულდა ბათუმელთა გამარჯვებით.




2-1 დასრულდა შეხვედრა გორშიც. „დილამ" მიმდინარე გათამაშებაში მეორე საშინაო გამარჯვება მოიპოვა „რუსთავთან". მოქმედმა ჩემპიონმა, „საბურთალომ" კი, დაძაბულ ბრძოლაში ბოლნისში,  „სიონი"  2-3 დაამარცხა.

პირველი წრის დასრულების შემდეგ, დასახელდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. 2019 წლის გათამაშების პირველ მეოთხედში საუკეთესოდ მიხეილ ალავიძე („დინამო" ბთ) დაასახელეს.

პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად სოსო ფრუიძე („ჩიხურა") დაასახელეს.

დასახელდა პირველი წლის სიმბოლური ნაკრებიც: მიხეილ ალავიძე („დინამო ბათუმი"),  ოლქკსანდრ აზაცკი („ტორპედო"), აბდელ მეჯუბი („დინამო თბილისი"), გრიგოლ ჩაბრაძე („საბურთალო"), ლაშა ჩიკვაიძე („ჩიხურა"), მიშიკო სარდალიშვილი („ჩიხურა"), გიული  მანჯგალაძე („დინამო ბათუმი"), ლევან შენგელია („დინამო თბილისი"), ლაშა შინდაგორიძე („საბურთალო),  ჯაბა უგულავა („სიონი"), ოგნიენ როლოვიჩი („საბურთალო").

კრისტალბეთ ეროვნილი ლიგის მეორე წრე რამდენიმე დღეში დაიწყება. 24-25 აპრილს, მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართება.

სატურნირო ცხრილი ამ მომენტისთვის.