
წყალტუბოში 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც სტადიონი წლების წინ ოფიციალურად ფუნქციონირებდა, თუმცა მოგვიანებით, ისიც ისევე სავალალო მდგომარეობაში იყო, როგორც ჯერ კიდევ ბევრი საფეხბურთო სტადიონია საქართველოში. სფფ-ს დაფინანსებით კი, 26 მაისის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი დაიგო, მოეწყო სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდა ტაბლო.
„არაერთხელ გვითქვამს, თუ რამხელა როლი აქვს მუნიციპალიტეტების ჩართულობას და აქტიურობას ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ის გამოწვევაა, რომლის წინაშეც ვდგავართ და დამეთანხმებით, ამ გამოწვევასთან გამკლავება მხოლოდ კომპლექსური მუშაობითაა შესაძლებელი. ვულოცავ არამხოლოდ იმერეთის რეგიონს, არამედ მთელ საქართველოს, რომ ფეხბურთის განვითარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა", - ასეთი შინაარსის სტატუსი გავცელდა ლევან კობიაშვილის ოფიციალურ სოციალურ ქსელში.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტადიონის რეაბილიტაციისთვის 456 ათასი ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტრიბუნის ნაწილს, რომელიც ამ ეტაპისთვის 500 კაცზეა გათვლილი, მოეწყო სარბენი ბილიკი, საპირფარეშოები და შემოიღობა სტადიონი. სამომავლოდ წყალტუბოში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იგეგმება.
„ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩვენ განვახორცილეთ უმნიშვნელოვანესი პროექტი, ეს არის პირველი ეტაპი, სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს გასახდელების და განათებების მოწყობა. დარწმუნებული ვარ 26 მაისის სახელობის წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი იქნება ერთ- ერთი ულამაზესი სტადიონი ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს კახა ჭუმბურიძე სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
განახლებულ სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს საფეხბურთო კლუბმა, ლიგა 3-ის მე-8 ტურში ,,სამგურალმა" ქედას ,,ბეთლემს" უმასპინძლა და ანგარიშთ 2-1 დაამარცხა.





ჩვენ








