
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე არც თუ მოულოდნელად, თუმცა ლოგიკური სიურპრიზით დაიწყო. ბათუმის „დინამო" რომელიც ერთწლიანი შესვენების შემდეგ ძლიერთა ლიგაში დაბრუნდა, 2019 წლის სეზონის პირველი მატჩიდან ყველა ტურის თამაშში ხაზსს უსვამს, რომ ის პირველი ხუთეულის გუნდების საპირწონეა. გია გეგუჩაძის „დინამოს", ძალას, ბათუმში, ანგისას ბაზაზე მისული გულშემატკივარიც აძლევს, რომელიც ტურიდან-ტურამდე მატულობს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებას საფეხბურთო ელფერს მატებს. ფაქტია, რომ შავიზღვისპირა ქალაქში ფეხბურთი და ბათუმის „დინამო" ბათუმელებისთვის და ამ პატარა ქალაქის სტუმრებისთვის, სერიოზული სანახაობა ხდება. დღევანელ შეხვედრაში, ანგისაზე 45 წუთში მთელი დრამა გათამაშდა, რომელიც საფეხბურთო სამყაროს კარგა ხანს სალაპარაკო ექნება.
ბუნებრივია, კარგი იქნება, ბათუმელთა ეს მუხტი, თუ ქვეყნის სხვა ქალაქებსაც გადაედებათ და სტადიონზე მისული ქომაგი, პირველ რიგში საკუთარ გუნდებს მოსთხოვს თამაშს.
„რუსთავი" - „ლოკომოტივი" 0-2

მეორე წრის პირველი შეხვედრა კი, რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში ჩატარდა. ბათუმის მსგავსად, რუსთავიც სპორტული ქალაქია და მცირერიცხოვანი ტრიბუნა აქაც სავსე იყო. თუმცა, „რუსთავი" „ბათუმის დინამოსგან" განსხვავებით, სატურნირო ცხრილში, საკმაოდ არასახარბიელო პოზიციაზეა და რეალურად, პირველი ტურიდან, ძლიერთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ამ მატჩამდე, არც „ლოკომოტივი" იყო უკეთეს ვითარებაში. თუკი, „ლოკოს" მთავარი მწვრთნელი პირველი წრის ბოლოს შეეცვალა, „რუსთავმა" მეორე წრე, ძველი-ახალი მწვრთნელით, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით დაიწყო.
ასეც და ისეც, დღევანდელი შეხვედრა პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო ორივე გუნდისთვის. „ლოკომოტივი" მატჩის დებიუტშივე, მე-3 წუთზე დაწინაურდა. სტანდარტულის შემდეგ, საკუთარ კარში რუსთაველთა მცველმა, ლუკა გადრანმა ჩაჭრა ბურთი, 0-1. რუსთაველთა აქტიურობის მიუხედავად, მათ ვერც პირველ და ვერც მომდევნო ტაიმში გოლი ვერ გაიტანეს. რიგ მომენტებში კარგად ლოკომოტიველთა მეკარე თამაშობდა. მეორე ტაიმში, ზურიკო დავითაშვილის გადაცემის შემდეგ, მე-60 წუთზე თორნიკე კირკიტაძემ ბურთი „რუსთავის" კარში გადააგზავნა და საკუთარი გუნდი 0-2 დააწინაურა. „რუსთავმა" მცდელობების მიუხედავად, თამაში ვერ გადაარჩინა და 3 ქულით, სატურნირო ცრხილის ბოლო ადგილზეა. „ლოკომოტივმა" კი, „ვიტ ჯორჯია" - „დილას" ხვალიდნელ მატჩამდე, ოდნავ ამოისუნთქა. რადგან სწორედ ხვალ, ამ გუნდების დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა, დარჩება „ლოკო" მე-8 ადგილზე, თუ კვლავ ერთი საფეხურით ქვევით ჩაინაცვლებს.
„დინამო ბათუმი" - „საბურთალო" 4-2

ამ მატჩში იყო ყველაფერი რაც ფეხბურთს უხდება, სავსე ტრიბუნა, სანახაობრივი და სწრაფი ფეხბურთი, გატანილი გოლები, ავტოგოლი და გაფუჭებული 11-მეტრიანი. შეხვედრა კი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის სწრაფი გოლით დაიწყო. მე-7 წუთზე გიორგი დიასამიძემ კარგად ისარგებლა ბათუმელთა დაცვის უყურადღებობით და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილს არ გასჭირვებია მიხეილ ალავიძის კარში ბურთის გადაგზავნა, 0-1. კიდევ 11 წუთში უკვე დიასამიძის გადაცემის შემდეგ, ოგნიენ როლოვიჩმა ანგარიში ორამდე გაზრდა და „საბურთალო" სტუმრად, 0-2 დაწინაურდა.
მიმდინარე სეზონში, „დინამო" და „საბურთალო" ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ერთხელ ჩემპიონატის პირველი წრის პირველ ტურში და შემდეგ, დავით ყიფიანის თასის გათამაშებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შეხვედრაში ბათუმელები კარგად გამოიყურებოდნენ, „საბურთალომ" ორივე მატჩი მოიგო, ერთნაირი ანგარიშით 1-0. შესაბამისად, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის ამ შეხვედრაში, სტარტზევე დაწინაურებამ, თბილისელები ოდნავ დაამშვიდა, ბათუმელებმა კი, ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობა იგდეს ხელთ და 22-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ბათუმელთაგან პირველი გოლი გაიტანა, 1-2. კიდევ 3 წუთში, ბათუმელთა აქტიურობამ შედეგი გამოიღო და როლოვიჩმა მორიგი გოლი, მხოლოდ, ამჯერად საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა, 2-2. 36-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონი ომარ მიგინეიშვილთან დარჩა პირისპირ და ამ უკანასკნელმა წესების დარღვევით შეაჩერა ბათუმელი. მიგინეიშვილმა ყვითელი ბარათი, ფლამარიონმა კი 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. თუმცა, ვერც მისი რეალიზაცია შეძლო და ვერც საკუთარი გუნდის დაწინაურება. მიუხედავად ამისა, „საბურთალომ'" ამ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაუშვა. 41-ე წუთზე, ნიკოლოზ საბანაძემ, „დინამო" დააწინაურა 3-2.
მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებით უფრო ემოციურად იყო დატვირთული ვიდრე გოლებით. დარჩენილ დროში, „დინამომ", მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ის, 59-ე წუთზე გაბრიელ რამოსმა ჩაიწერა, 4-2. სამაგიეროდ ფეხბურთელები, რამდენჯერმე წაკინკლავდნენ და ირაკლი კვირიკაშვილს თამაშის შეჩერება მოუხდა.
ბათუმის „დინამომ" მოქმედ ჩემპიონს 3 ქულა წაართვა და სატურნირო ცხრილში მინიმუმ ერთი ტურით სათავეში მოექცა.
სატურნირო ცხრილი
თამაშების კალენდარი





ჩვენ








