
დღეს, საქართველოს ქალთა ლიგის მე-4 ტური დაიწყო, რომელიც კვირას დასრულდება. ამ ტურის 3 შეხვედრა კი დღეს გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო მორიგი გარაჯვებები მოიპოვეს ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშების ლიდერებმა „ლანჩხუთმა" და „ნიკმე".
გურულებმა, სახლში, ხობის „კოლხეთი" 7-0 დაამარცხეს. ისევე, როგორ წინა ტურებში, ლანჩხუთელთაგან დღესაც, მორიგი გოლი გაიტანა ირინა ხაბურზანიამ, რომელიც 7 გატანილი გოლით ქალთა ლიგის ბომბარდირთა სიას ლიდერობს. მას ერთი გოლით ჩამორჩება თანაგუნდელი თამრიკო სალუქვაძე, რომელმაც ხობელებს დუბლი შეუსრულა.
მხოლოდ პირველ ტაიმში მოახერხა თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" ბათუმის „დინამომ" „ნიკესათვის" წინააღმდეგობა გაეწია. აჭარულ გუნდს, რომელსაც წინა სეზონებისგან განსხვავებით სათადარიგო სკამი მოკლე აქვთ, ყველაზე კარგად დაბალანსებულ „ნიკესთან" განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობა მატჩის პირველ ნახევარში „ნიკეს" მხარეს იყო და შესვენებამდე ქვეყნის ჩემპიონი მხოლოდ 1-0 იგებდა, მეორე ტაიმში „ნიკემ" ბათუმელები, შეიძლება ითქვას, საკუთარ საჯარიმოზე აღარ შეუშვა.
ამ შეხვედრაში საქართველოს საფეხბურთო რეგულარულ ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა ნინო სუთიძეს. საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი მოგეხსენებათ წლების მანძილზე თურქეთში თამაშობდა. „დინამოსთან" მატჩში, კი სუთიძემ „ნიკეს" კაპიტნის სამკლაურიც მოირგო და ქართულ ჩემპიონატში „ნათლობა" პოკერით აღნიშნა.

„საქართველოში დაბრუნება განაპირობა იმან, რომ თურქეთში თამაში აღარ მსურდა. იქ, ჩემი თავი ამოვწურე, 4-ჯერ გავხდი ჩემპიონი, ვთამაშობდი ორ საუკეთესო გუნდში, რომლებიც რეგულარულად უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგას თამაშობდნენ. აქ დაბრუნებით ახალი გამოწვევების სურვილი მქონდა. რამოდენიმე ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით და ბოლოს, საქართველოს ჩემპიონ გუნდში თამაში გადავწყვიტე. სადებიუტო მატჩში, "ნიკეს" კაპიტნობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ეს ნიშნავს, რომ ვუყვარვარ გუნდს, მაფასებენ და ჩემი იმედი აქვთ. მიხარია, რომ ამ კლუბში ვარ, რადგან ჩემი საუკეთესო მეგობარი აქ მოთამაშე-მწვრთნელია გივი კვარაცხელიასთან ერთად. ბავშვებიც, ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები არიან საქართველოს ჩემპიონატში და ნაკრებშიც. ტაქტიკურადაც ჩემთან ახლოს არიან და თავს ბედნიერად ვგრძნობ. რა თქმა უნდა მიზანი ისევ ევროპაში თამაშია, მაგრამ დღეს, სადაც ვარ მაქსიმალირად იქ დავიხარჯები.", - ამბობს ნინო სუთიძე.

სხვათა შორის, ნინო სუთიძემ, რომელიც თავის საფეხბურთო კარიერის მანძილზე მცველის პოზიციაზე თამაშობდა, დღეს ახალ ამპლუაში სცადა თავი.
„მთელი ჩემი კარიერა ნაკრებშიც და კლუბებშიც მცველად ვთამაშობდი. ახალი გამოწვევები როგორც კლუბს, ასევე მეც მიყვარს და დავთანხმდი თავდასხმაში თამაშს. ვფიქრობ, გამოცდილების ხარჯზე გამომივიდა ფორვარდობა. საინტერესო პოზიციაა, თან გამიმარტივდა, რადგან ვიცი, მცველისთვის რა კუთხით არის რთული ფორვარდის აყვანა. ვფიქრობ, შედეგიდან გამომდინარე დადებითი შედეგი ვაჩვენე", - ამბობს ნინო სუთიძე.
„ნიკემ"კი, ბათუმის „დინამოსთან" დიდი ანგარიშით 8-0 მოიგო და ახლა „ლანჩხუთთან" ერთად 12-12 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეშია.

დღეს, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, „ზარმამ" შინ, 2-7 წააგო ჩხოროწყუს „სამეგრელოსთან".
ამ ტურის კიდევ 2 შეხვედრა შაბათ-კვირას გაიმართება.
შაბათს, ქუთაისში, „მართვე" თბილისის „ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს. კვირას კი, გორში, „გორი იუნაიტედი" ხაშურის „ივერიას" მიიღებს.
ფოტო: თამარ ჯიშკარიანი





ჩვენ








