
ჰიმალაის ერთ-ერთ ულამაზეს მწვერვალზე, ამა-დაბლამზე ასული ქართველი ალპინისტების სია, კიდევ ორით გაიზარდა. ზურა კვესტაძემ და ბექარ ფაჯიშვილმა 6812 მეტრი სიმაღლის მწვერვალი 2019 წლის 7 მაისს დალაშქრეს. აღსანიშნავია, რომ წელს ამ მწვერვალზე მხოლოდ ორმა ჯგუფმა მოახერხა ასვლა. ქართველთა გუნდი კი, მესამე აღმოჩნდა.
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ინფორმაციით, დღეს ქართული წყვილი, უკვე საბაზო ბანაკშია და მალე, საქართველოში დაბრუნდება. თუმცა, მანამდე, ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა ზურა კვესტაძემ, ტრადიციულად თავის სოციალურ ქსელში შეტყობინება დატოვა:

„ჰიუჯ ნამასტე!
გვინდა, ჩვენი პირველი ჰიმალაური ექპედიციის წარმატების შესახებ გამცნოთ და ჩვენი სიხარული გაგიზიაროთ. მუსონებმაც გადაიარა, ქარებიც ჩადგა, შინაურმა თუ გაერულმა ღმერთებმაც გადმოგვხედეს და გუშინ 7 მაისს, პატარა "ფანჯარა" გვქონდა. 5900-დან დილის 5 საათზე დავიწყეთ ასვლა, რთული და საინტერესო 8 საათის შემდეგ ამა დაბლამის მწვერვალსაც (6812 მ.) მივაღწიეთ, მოწმენდილი ცა და მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალების შესანიშნავი ხედები დაგვხვდა - დადებითი ემოციებით დავბრუნდით ისევ II ბანაკში, დღეს კი საბაზოში. წელს მესამე ჯგუფი ვართ ქართველები, ვინც მწვერვალზე ასვლა შევძელით - წარმატებები დანარჩენებსაც!
დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. განსაკუთრებით ჩვენს სპონსორებს: Bedegi ბედეგი სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება, Dani Construction/დანი ქონსთრაქშენი, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია".

TSFF.GE მთამსვლელების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, შეეცდება უფრო დაწვრილებით გიამბოთ ექსპედიციის შესახებ. მანამდე კი, ვულოცავთ ზურა და ბექარს წარმატებულ მწვერვალს.
აღნიშნულ თემაზე იხილეთ: შტურმამდე https://bit.ly/2YiYcEV / ექსპედიციის დასაწყისი https://bit.ly/2WvgZMR
ექსპედიციის ფოტოები





ჩვენ








