
საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სხვადასხვა რანგის ოფიციალური სტუმრების მასპინძლობა არაა სიახლე. საქართველოში ყოფნისას, კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და კომფორტულ საწვრთნელ კომპლექსში ვარჯიში, ევროპულ გრანდებსაც უთხოვიათ. სულ ბოლოს, აქ, თბილისში, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთმა ტოპ გუნდმა, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ივარჯიშა. თუმცა, დღევანდელი სტუმრის ვიზიტი, ანდრო ჟორდანიას სახელობის „დინამო თბილისის" ბაზაზე, წლების წინ, უფრო ზუსტად კი, 1981 წლის 13 მაისს, 15 წლის ესპანელი ბიჭის ახდენილი ჩანაფიქრი უფრო იყო და კიდევ, სურვული, უცხო ქვეყანაში ენახა, როგორც ცხოვრობენ და საქმიანობენ მისი თანამემამულენი.

„15 წლის ვიყავი, როდესაც, ყველასთვის მოულოდნელად, ევროპული საკლუბო ტიტული ჩემთვის უცნობმა კლუბმა მოიგო. ფინალიც ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ საბჭოთა გუნდები ჩემთვის კიევთან და მოსკოვთან ასოცირდებოდა. მახსოვს, იმის გასაგებად, თუ სად იყო თბილისი, რუკას დავხედე და სწორედ, იმ დღიდან გავიგე საქართველოს შესახებაც. ამის შემდეგ, ამ ქვეყანაში სტუმრობას ვნატრობდი", - ამბობს, ხუან გონსალეს ბარბა, ესპანეთის სამეფოს ელჩი თურქეთსა და საქართველოში.

„დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზას, დღეს, ესპანეთის სამეფოს ელჩი თურქეთსა და საქართველოში ხუან გონსალეს ბარბა და ესპანეთის სამეფოს დროებითი რწმუნებული საქართველოში, ფრანსისკო კაპოტე ესტუმრნენ. ხუან გონსალეს ბარბა საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან ერთად სტუმრობს. ვცდილობ, მთელი ქვეყანა დავათვალიერო და შემიძლია გითხრათ, თუკი სამოთხე არსებობს დედამიწაზე, ეს საქართველო არისო. ელჩს, მოსწონს ქვეყანა, ბუნება, ხალხი, სამზარეულო და ბავშვობის დროიდან აკვიატებული საფეხბურთო გუნდი, რომელშიც დღეს, მისი ექვსი თანამემამულე მსახურობს.

„რამდენიმე თვეა რაც ესპანეთის სამეფოს წარმოვადგენ საქართველოში. სასიამოვნო და საამაყო იყო იმის გაგება, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში, დიდი აქცენტი, ესპანურ დესანტზე გაკეთდა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი თანამემამულე მწვრთნელები და ფეხბურთელები, „დინამოს" წარმატებაში წვლილს შეიტანენ. იმედი მაქვს, რომ ეს სეზონი თბილისური გუნდისთვის წარმატებული გამოდგება", - ამბობს, ხუან გონსალეს ბარბა.

ელჩი, „დინამო თბილისის" ბაზაზე დილის 10 საათითვის მოდის. მანქანიდან გადმოსულს, აშკარად ემჩნევა, რომ ნანახს არ ელოდა. კლუბის წარმომადგენლებთან ერთად სავარჯიშო მოედნებისკენ ქვაფენილით მიემართება და ვარჯიშის დაწყებამდე დინამოელთა სამწვრთნელო შტაბის ესპანელებს, ფელის ვისენტესა და ჩისკო მუნიოსს ხვდება. ამასობაში, მათ ვიქტორ მონხილი, ნოჩე და ხოსე პერალესიც უერთდებიან. საქართველოში უკვე ნანახითა და სპორტსმენებთან საუბრის შემდეგ, ხუან გონსალეს ბარბა ამბობს, რომ დარწმუნებულია, დინამოელი ესპანელები თავს, როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობენო.

„ჩისკო, ჩვენი ქყვეყნის ნამდვილი ელჩია საქართველოში. იგი, როგორც ფეხბურთელი წლები ემსახურა „დინამოს" და ახლაც აქ არის. ჩვენი, როგორც საელჩოს ვალია ვიყოთ ნეიტრალურები, თუმცა მე სუბიექტური ვიქნები და გეტყვით რომ მთელი საელჩო „დინამოს" ვქომაგობთ. მინდა, ამ შაბათს, მნიშვნელოვანი მატჩის წინ „დინამოს" წარმატება ვუსურვო", - ამბობს ელჩი.

ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბისთვის თავისი სიმპათიის გამოსახატავად, ელჩმა ჩისკოსგან საჩუქარდ მიღებული „დინამო თბილისის" სათამაშო ფორმა იქვე გადაიცვა და გუნდთან ერთად, ფოტო ისე გადაიღო. „დინამო თბილისმა" ბათუმში გამგზავრებამდე ვარჯიში დაიწყო. ელჩმა კი, ფეხბურთელების საცხოვრებელი დაათვალიერა. ფეხბურთელების მოსასვენებელ ოთახში, გული, მხოლოდ იმაზე დასწყდა, რომ წიგნების თაროზე, ესპანურენოვანი გამოცემები ვერ დაინახა. შენობაში ყოფნისას, იმ გუნდის ფოტოსთანაც გაჩერდა, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს, მას ახალი ქვეყანა, საქართველო აღმოაჩენინა. წასვლისას, პირობა დადო, რომ ის, საქართველოში მომდევნო ვიზიტის დროსაც, „დინამო თბილისის" ბაზას აუცილებლად კიდევ ეწვევა.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი





ჩვენ








