მალტაში, ღირსეულად თამაშის მოლოდინში
მალტაში, ღირსეულად თამაშის მოლოდინში
07.09.2017
ავტორი:

17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები მალტაზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, ხვალ, 8 სექტემბერს გაემგზავრება. ჩემპიონატი 10-17 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება. ქართველი წყალბურთელები გათამაშების C ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც მეტოქეებად სერბეთის, საფრანგეთისა და მალტის ნაკრებები იქნებიან.  ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე 16 გუნდი, 4 ჯგუფად მონაწილეობს. ჯგუფური ეტაპიდან კი, პლეი-ოფში 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადავა.  ქართველები პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს, სერბების წინააღმდეგ გამართავენ. 11-ში ფრანგებს, ხოლო ბოლო ჯგუფურ შეხვედრაში, 12 სექტემბერს, მასპინძლებს, მალტელ წყალბურთელებს დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატზე „ლენის" წყალბურთის კომიტეტის ტექნიკურ დელეგატად საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე არის მიწვეული.   ჩემპონატს, იმსაჯებს ქართველი მსაჯი ვახტანგ მებუკეც. 17-წლამდელთა მწვთნელმა, რევაზ ჩომახიძემ, ევროპის ჩემპიონატისთვის შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა: გიორგი ბარაბაძე,  დავით ცხაკაია (კაპიტანი), თორნიკე  დიასამიძე, კახა სამყურაშვილი,  ვიტალი მემანიშვილი, ლევან ხოხაშვილი, საბა დვალი, გურამ კუჭუაშვილი, ნიკოლოზ იმნაიშვილი, თემურ ჭეიშვილი, თორნიკე ხვინგია, გიორგი ქათამაძე, ნიკოლოზ ქარჩავა. 

მალტაზე გამგზავრებამდე 17-წლამდელებმა ბოლო მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, თბილისში 1-3 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. თბილისის ოლიმპიურ აუზზე,  როსტომ და ზურაბ ჩაჩავას სახელობის თასისთვის საქართველოს, რუმინეთის, თურქეთისა და რუსეთის გუნდები მონაწილეობდნენ. პირველ ტურში ჩვენები თურქეთს შეხვდნენ და ანგარიშით 3:8 დამარცხდნენ. მეორე მატჩში, რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილები რუმინეთის ძლიერ გუნდს დაუპირისპირდნენ და 10:5 დაამარცხეს. ბოლო, მესამე ტურში ჩვენები რუსეთთან დამარცხდნენ 4:12 და ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავეს.  გამარჯვებული კი თურქეთის 17-წლამდელთა ნაკრები გახდა, რომელმაც სამივე თამაშის მოგება მოახერხა.

„თამაშების ჩატარება, მზადებისა და დიდი დატვირთვების ფონზე გვიწევდა. ამიტომ, ჩვენი მოთამაშეები ფიზიკურად ჯერ სასურველ მდგომარეობაში არ იყვნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალტამდე ძალებს აღიდგენენ და ღირსეულად ვითამაშებთ", - ამბობს 17-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე, ტურნირის დასრულების შემდეგ.

მალტაზე გამგზავრებამდე კი, დიღომში მდებარე ოლიმპიურ აუზზე, საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებს,  მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილ შეხვდა. ის, ნაკრების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს ევროპის  ჩემპიონატზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვა.