რატომ უყვართ ფეხბურთი საქართველოში...
რატომ უყვართ ფეხბურთი საქართველოში...
16.05.2019
ავტორი:

ეს საქართველოა... საქართველოში ფეხბურთი უყვართ. ძალიან უყვართ... თუმცა, სიყვარულის სხვადასხვაგვარი ფორმა არსებობს - ზოგს ფეხბურთი იმიტომ უყვარს, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტის სახეობაა, წინასწარგაუთვლელი, არაპროგნოზირებადი შედეგებითა და ფინალებით. ზოგსაც იმიტომ, რომ ხელი მოითბოს, თანაც სახელმწიფოსა და უეფას ხარჯზე...

2017 წელს აუქციონზე ქუთაისის ტორპედო ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა. ეს კარგი ფაქტი იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მივესალმებით გუნდების კერძო მფლობელობაში გადაცემას, რათა სახელმწიფო ფინანსების გადინება არ მოხდეს კლუბებში. მეორეც იმიტომ, რომ, კერძო მეპატრონეს იმის სურვილი მაინც უნდა გაუჩნდეს, რომ თუ ფულს დახარჯავს, ისეთი გუნდი მაინც უნდა გააკეთოს, რათა ხარჯი მაინც ამოიღოს.

თურმე სად ვართ - ჩაჩავამ ტორპედო კი იყიდა, მაგრამ გუნდში ერთი თეთრი არ მიუტანია. სამაგიეროდ, სახელმწიფოსგან და უეფასგან შესული 6 მილიონ ლარამდე თანხა გაქრა. ფაფუ, აღარ არის... საქართველოს ჩემპიონატისთვის კი ძალიან სიმპათიური ტორპედო დაშლის პირასაა. მიზეზი სახელფასო დავალიანებაა, რომელიც გუნდს 3 თვეა არ აუღია.
როგორც ირკვევა, ტორპედოს საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელები გუნდის პრეზიდენტს შეხვდნენ, სადაც გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ჩაჩავა გუნდს დავალიანების თვის ბოლომდე გადახდას დაპირდა.

პრეზიდენტის განცხადებით, პრობლემები გუნდში ჩინელი ინვესტორების წასვლამ გამოიწვია. აჰა, გარდა იმისა, რომ ტორპედომ სოლიდური ფინანსები სახელმწიფოსგან და უეფასგან მიიღო, ინვესტორიც ჰყოლია. გამოდის ფინანსურად უფრო წელგამართული უნდა ყოფილიყო. თუ ამას დავუმატებთ მფლობელის დახარჯულ თანხას, კიდევ უფრო მეტი გამოდის. თუმცა, სად არის მფლობელის დახარჯული თანხა? მეტიც, ჩაჩავა წლიურად 120.000 ლარს ხელფასის სახით იღებდა გუნდიდან. გამოდის, ფინანსები არათუ მიიტანა, არამედ წაიღო.

თუმცა, ყველაზე გასაოცარი მისი სიტყვებია:

_ თუ ვერ მოხერხდა და ვერ მოვიძიებთ თანხებს, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მუნიციპალიტეტს.

ამას ამბობს მფლობელი, რომელმაც 2 წლის წინ იყიდა გუნდი, გახადა მისი საკუთრება, რათა მოევლო და ეპატრონა. გამოდის, ეს ყველაფერი უფულოდ გააკეთა, სხვის იმედად. ახლა კი, მიაგდო და მიდის. თუმცა, სად წავიდა შემოსული თანხები, ამას მაინც ვერ გავიგებთ...
ეს საქართველოა...


ავტორი მიშა ჟორჟოლიანი