რა ხდება „ტორპედოში“
რა ხდება „ტორპედოში“
15.05.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ისევე, როგოც 2019 წლის პირველი წრის მსვლელობისას, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის ანალოგიურ პერიოდში ქუთაისის „ტორპედოს" წინაშე კვლავ დადგა სახელფსო კრიზისის თემა. ეს კი, გუნდის სათამაშო ხარისზე პირდაპირპროპორციულად აისახა. ქვეყნის ჩემპიონატის მე-13 ტურის დასრულების შემდეგ, ტორპედოელთა მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის გაკეთებულმა განცხადებამ კი, „ტორპედოში" არსებული კრიზისის შესახებ მოარული ხმები საბოლოოდ დაადასტურა.

„მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს, ყველას. იმისთვის, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გააკეთეს ქუთაისის „ტორპედოსათვის". ძალიან მიჭირს საუბარი, მაგრამ ვართ იმის წინაშე, რომ შეიძლება დავიშალოთ მომდევნო თამაშამდე. კიდევ მომეცემა ამის საშუალება, მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც გუნდისთვის ყველაფერი გააკეთეს, პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს გადავუხადო", - ამბობს კახა ჩხეტიანი.

მოგვიანებთ, კლუბის მთავარი მწვრთნელის განცხადებას, „ტორპედოს" ოფიციალურ გვერდზე კლუბის მგლობელებიც გამოეხმაურნენ:  

"პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა, კლუბი აგრძელებს ფუნქციონირებას და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ "ტორპედო" ევროტურნირებზე გავიდეს და ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს.

რაც შეეხება ძირითად გუნდს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქნები გულწრფელი და ალბათ ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს, რომ მოხდება გუნდის რეორგანიზაცია.

ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლის შემდგომ, თითქმის სამი წელია, "ტორპედოს" ძირითადი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალია საქართველოში და ჩვენი ფეხბურთელების ხელფასები თითქმის უთანაბრდება მათი უცხოელი კოლეგების შრომის ანაზღაურებებს. წელსაც ყველანაირად ვცდილობდი, გამეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი და ვარსკვლავური გუნდი შემენარჩუნებინა, მაგრამ უცხოური ინვესტიციის გარეშე, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს საკმაოდ ძნელია.

პირდაპირ ვიტყვი, იანვარში ამ გუნდის დაკომპლექტება და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა იმ პერსპექტიული შემოსავლის იმედად, რომლის მიღებასაც ვგეგმავდით უცხოელი ინვესტორის დაფინანსების ხარჯზე, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვეცადე და ახლაც ძალიან ვცდილობ შევინარჩუნო "ტორპედოს" ისტორიაში საუკეთესო გუნდი, თუ ეს ვერ მოხერხდება, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ისევ მე დამწყდება გული, მაგრამ ერთხელ უკვე შევძელით და დამიჯერეთ, ისევ შევძლებთ გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი და გავახაროთ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი.

"ტორპედო" ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ჩვენ ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ.

და ბოლოს, რაც შეეხება პირადად ჩემს მიმართ არსებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია და ამით ძალიან ბევრს გავახარებთ",  - ამბობს ზაალ ჩაჩავა.

TSFF.GE  ცდილობს უფრო დეტალურად გაარკვიოს, თუ როგორ ვითრდება მოვლენები და შეძლებისდაგვარად სიახლეებს გამოვაქვეყნებთ.

 

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი