ფიფა-ს განახლებული რეიტინგით საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მე-14 ადგილზეა
ფიფა-ს განახლებული რეიტინგით საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მე-14 ადგილზეა
06.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ ერევანში ფუტსალში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. ჩვენ ამის შესახებ დავწერეთ და ისიც გითხარით, რომ ფინალურ მატჩში, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების სამი წევრის შაგინიას, ვილიანისა და ბრუნო გომესი ესპანურმა „პალმამ", „ბარსელონა" 1-5 გაანადგურა. 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ჩვენ ამ ბიჭების გარეშე ვსწავლობთ თამაშს.

ფინალურ მატჩში თითო გოლი ვილიანმა და შაგინიამ გაიტანეს. შაგინია კი, გუნდური ტროფეის გარდა, პირად წარმატებასაც ზეიმობდა, რამეთუ ის, ფინალური ტურნირის MVP გახდა. სხვათა შორის, ამ ოთხთა ტურნირში, პორტუგალიის ფუტსალის ნაკრების 12 ფეხბურთელიც მონაწილეობდა. ბუნებრივია, სხვადასხვა გუნდში გადანაწილებული...


ახლა, შესაძლოა ვინმემ თქვას, კარგით, გავიგეთო. თუმცა, ეს ამბავი, სხვა ისტორიის მოყოლის საბაბი გავხადე. დღეს ფიფა-მ ახალი სანაკრებო რეიტინგები გამოაქვეყნა. უეფა-ს ჯერ-ჯერობით არ განუახლებია. თუმცა...


ფუტსალში, მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელიც 2024 წლის 14 სექტემბერიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უზბეკეთში ჩატარდება, სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების გარეშე ჩაივლის. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრების საფუძველზე, საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს 2023 წლის შემოდგომაზე 7 ქულა ჩამოაკლეს, ამასთან ყველა შეხვედრაში 0-5 მარცხი დაუფიქსირეს და რეალურად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ჯიბიდან ამოაცალეს.


გემახსოვრებათ ისიც, რომ ყოველივე ამის შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის ბოლო შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გამართა. ეთამაშა ევროპის მოქმედ ჩემპიონს, პორტუგალიის ნაკრებს და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდში ნატურალიზებულ ბრაზილიელთაგან (მხოლოდ რონინიოს არ „ერჩიან" რადგან ის საქართველოში ცხოვრობს და ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს), მხოლოდ ჩიმბაბ ითამაშა. თუმცა, მოგვიანებით, ჩიმბას საბაბით, ამ შეხვედრაშიც ტექნიკური წაგება ჩაგვითვალეს და ბუნებრივია ქულებიც დაგვაკლეს.


ქულები ავტომატურად დაგვაკლდა სანაკრებო რეიტინგებშიც, თუმცა, დღეს, ფიფა-მ 2024 წლის 6 მაისით დათარიღებული ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები, ფიფა-ში რეგისტრირებულ 139 ნაკრებს შორის, 1252.79 ქულით, მე-14 ადგილზეა და ეს მთელი ზემოთხსენებული ალიაქოთის შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ 29 აპრილის რეიტინგით ავთანდილ ასათიანის ნაკრები მე-20 ადგილზე იყო...